“ჩვენ არ მოვუსმენთ სისხლის სამართლის დამნაშავეს“–ნაციონალურმა მოძრაობამ სხდომა შეწყვიტა და ტრიბუნაზე ასული გახარია მარტო დატოვა (ვიდეო)

შესვენების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის წევრობის კანდიდატებისთვის უნდა მოესმინათ, ტრიბუნასთან გიორგი გახარია ავიდა.

მან საუბარი 20 ივნისის ღამის გახსენებით და ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ საპასუხო ბრალდებებით დაიწყო, თუმცა სალომე სამადაშვილმა გახარიას სიტყვა შეაწყვეტინა და მოსთხოვა გაეცა პასუხი, რატომ არ უშვებდნენ პარლამენტში მოქალაქეებს, რომლებზეც საშვი იყო დაშვებული, მათ შორის მაკო გომურს, რომელმაც 20 ივნისს თვალი დაკარგა.

გახარიამ სიტყვა გააგრძელა:

“ის, რაც აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის სხე – ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ 9 წელი, და ამას აკეთებთ დღესაც. არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020–ში თქვენ დარჩებით ქუჩაში.გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ.“–განაცხადა გახარიამ, თუმცა მას სიტყვა სალომე სამადაშვილმა კვლავ შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ არ მიაჩნია სწორად მისმა ფრაქციამ მოუსმინოს სისხლის სამართლის დამნაშავეს და უმჯობესი იქნებოდა პარლამენტის გარეთ მოქალაქეებს შეერთებოდნენ. სამადაშვილმა მოუწოდა რომან გოცირიძეს სხდომა შეეწყვიტა.

“საქართველოს პარლამენტი კვლავ არღვევს რეგლამენტს.ფაქტობრივად პარლამენტი არის იზოლირებული და არ უშვებენ იმ ადამიანებსაც კი, ვისაც აქვს საშვი.
ამ ხელისუფლების მხრიდან კანონის ფეხქვეშ გათელვა ჩვენთვის არ არის უცხო, მაგრამ ამ მნიშვნელოვან დღეს, როცა ფაქტიურად მტკიცდება გავრილოვის მთავრობა, პარლამენტის ადმინისტრაცია ბედავს, რომ საქართველოს პარლამენტში იმ ადამიანებს არ უშვებს პარლამენტში, ვისაც აქვს უფლება აქ იყოს . არ მიგვაჩნია გამართლებულად ამ რეჟიმში გავაგრძელოთ სხდომა და ვწყვეტთ სხდომას. “– განაცხადა რომან გოცირიძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

Print
ბოლო სიახლეები