ანჯელინა ჯოლის გულწრფელი წერილი. რატომ გადაწყვიტა მსახიობმა მკერდის მოკვეთა

44 წლის ანჯელინა ჯოლიმ ჯერ კიდევ 2013 წელს გაიკეთა ანალიზი და გაარკვია, რომ მკერდის კიბოსკენ გენეტიკურად არის მიდრეკილი გენების – BRCA1 და BRCA2 –ის მუტაციის გამო. ამის შემდეგ მსახიობმა ოპერაცია გაიკეთა და სარძევე ჯირკვლები ამოიკვეთა. ორი დღის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავმა ჟურნალ Time-სთვის გულახდილი სტატია დაწერა რომელშიც მოყვა, როგორ ებრძოდა მისი დედა სარძევე ჯირკვლების და საკვერცხეების კიბოს და რატომ გადაწყვიტა თავად მასტექტომიის გაკეთება.

ანჯელინას დედა, მსახიობი მარშელინ ბერტრანი 2007 წელს 56 წლის ასაკში საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლის კიბოსთან ათწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

“სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო დედა და ბებია დავკარგე. მახსოვს როგორ მეჭირა ერთხელ დედას ხელი, როცა ქიმიოთერაპიას იტარებდა. როცა ის უცებ სულ გაწითლდა, ექთნის გამოძახება მომიწია. ახლა არსებობს ახალი საშუალებები იმის გასარკვევად, ქიმიოთერაპიის რომელი პრეპარატი შეეფერება ყოველ პაციენტს, რაც საშინელი თანმდევი ეფექტების შემცირებას იწვევს. დედაჩემი კიბოს თითქმის ათი წელი ებრძოდა. როცა საავადმყოფოს კორიდორში ვიდექი და ველოდი, როდის მოამზადებდნენ დედაჩემის სხეულს კრემაციისთვის, მისმა ექიმმმა მითხრა, რომ შეპირდა დედას ჩემთვის პირდაპირ ეთქვა, რომ მეც კიბოსკენ მიდრეკილება მქონდა. წლების შემდეგ გენეტიკური ტესტი ჩავიტარე, რომელმაც აჩვენა რომ მაქვს ე. წ. BRCA1 გენი“. – წერს მსახიობი.


ანჯელინა ჯოლის დედა, მსახიობი მარშელინ ბერტრანი


მისი თქმით ქალებში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი 13 პროცენტია. მას კი ეს მაჩვენებელი ბევრად მაღალი ჰქონდა: მკერდის კიბოს განვითარების რისკი 87 %–ს შეადგენდა, საკვერცხეების კიბოს რისკი კი 50%–ს. მაღალი რისკის გამო სპეციალისტებმა მას პროფილაქტიკური ოპერაციების ჩატარება ურჩიეს. ჯოლიმ ორმაგი მასტექტომია ჩაიტარა მოგვიანებით კი საკვერცხეები და საკვერცხის მილები ამოიჭრა.

ანჯელინას თქმით მისი ოპერაციის შემდგომ წლებში გენეტიკურმა დიაგნოსტიკამ დიდი პროგრესი განიცადა. გენეტიკური ტესტირება უფრო ხელმისაწვდომი და იაფი გახდა. გაჩნდა მკურნალობის ახალი მეთოდები, რომლებიც სარძევე ჯირკვლის და საკვერცხეების კიბოს დამარცხების შანსებს ზრდის.

სტატიაში მისი მეგობრის ისტორიასაც ყვება, რომელმაც მკერდის კიბო დაამარცხა. ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ ასეთი ისტორიები იმედისმომცემია, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზაა. საქმე იმაშია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს საიმედო სკრინინგ ტესტი საკვერცხეებისა და პროსტატისთვის და არ არსებობს მკერდის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის – “სამმაგად ნეგატიური კიბოს“ ეფექტური მკურნალობის მეთოდი.




“უბრალოდ ვგრძნობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, და გავზარდე ჩემი შანსები ვნახო როგორ იზრდებიან ჩემი შვილები და მოვესწრო შვილიშვილებს. იმედი მაქვს მათ დიდ დროს დავუთმობ. მე უკვე ათ წელზე მეტია დედა არ მყავს. ის მხოლოდ რამდენიმე შვილიშვილს მოესწრო და ძალიან ცუდად იყო საიმისოდ, რომ მათთან ეთამაშა. ბებიაჩემი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. იმედი მაქვს ჩემი არჩევანი საშუალებას მომცემს ცოტა უფრო დიდხანს ვიცოცხლო.“ – წერს ჯოლი.მსახიობი სტატიაში წერს, რომ ხალხი ხშირად ეკითხება იმის თაობაზე, როგორ შეეჩვია ოპერაციის შემდგომ შრამებს:

“ვფიქრობ ჩვენი შრამები გვახსენებს, თუ რა გადავლახეთ და რას მოვერიეთ. ისინი იმის ნაწილია, რაც ყოველჩვენგანს უნიკალურს ხდის. მრავალფეროვნება ადამიანის არსებობის ერთ–ერთი შესანიშნავი რამ არის. ყველაზე ღრმა შრამები ხშირად უხილავია – ისინი ჩვენს სულშია. ყველა პაციენტი, რომელსაც კიურის ინსტიტუტში ვხვდებოდი ამბობდა, რომ ახლობლების მზრუნველობა და თანადგომა დაავადებასთან ბრძოლის მთავარი მოტივაციაა“– წერს ჯოლი.

Print
ბოლო სიახლეები