“შეუძლია ყველაფერი გადადოს და გვერდში დამიდგეს“–სერენა უილიამსი მეგან მარკლთან მეგობრობაზე მედიას უყვება
38 წლის ტენისისტის, სერენა უილიამსის და მეგან მარკლის მეგობრობა მანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, სანამ მეგანი პრინცი ჰარის ცოლი გახდებოდა. მეგანის გათხოვებას მათ ურთიერთობებში არაფერი შეუცლია. ეს ტენისის მსოფლიო ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინანდელ ინტერვიუში დაადასტურა. სერენამ ჟურნალისტთან საუბრისას გაიხსენა, როგორ ჩაფრინდა მეგანი სექტემბერში ნიუ იორკში US Open–ის ფინალში მის საგულშემატკივროდ. შეგახსენებთ, რომ სერენა უილიამსმა კანადელ ტენისისტთან, ბიანკა ანდრეესკუსთან მატჩში მარცხი განიცადა. მეგანი მეგობარს ტრიბუნიდან გულშემატკივრობდა ოჯახის წევრებთან და საპატიო სტუმრებთან ერთად.



მაშინ პრესა წერდა, რომ მეგანი ნიუ იორკში ერთი დღით მარტო ჩაფრინდა, თუმცა მედიისთვის უცნობი დარჩა ის, რაც ინტერვიუში სერენამ მოყვა: მეგანთან ერთად იყო მისი პატარა შვილი არჩი.
“მეგანი ნიუ იორკში პატარა ბავშვთან ერთად ჩამოფრინდა იმის სანახავად, როგორ ვთამაშობდი. იმავე დღეს უკან დაბრუნდნენ. მე ალბათ ვერ შევძლებდი ასე მოვქცეულიყავი, როგორც ის მოიქცა“– ამბობს ტენისისტი და დასძენს, რომ სხვადასხვა კონტინენტებზე ცხოვრება მათ მეგობრობას ხელს არ უშლის.

“მისი ჩამოსვლა ერთ–ერთი იყო იმ მრავალიდან, რასაც ის ჩემთვის აკეთებს. ვურეკავ და ვწერ ნებისმიერ დროს, ვტირი და ვუყვები ჩემს ემოციებზე. ის ყოველთვის ჩემს გვერდით არის. შეუძლია თავისი ყველაფერი გადადოს და გვერდში დამიდგეს. ის ნამდვილი საოცრებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაზე ძლიერი, კარგი და საყვარელი ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობ“– ამბობს ტენისისტი.


Print
ბოლო სიახლეები