მსხვილი ნარკობარონების დრო დასრულდა. ნარკობიზნესში ახალი მოდელი მკვიდრდება
კოლუმბიელი პაბლო ესკობარი და მექსიკელი ჰოაკინ გუსმანი მეტსახელად ელ ჩაპო უკვე შევიდნენ ისტორიაში, როგორც ნარკობიზნესის ნამდვილი მეფეები. თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ ესკობარის სიკვდილთან და გუსმანის დაპატიმრებასთან ერთად გავლენიანი ნარკობარონების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.

ორივე ლათინოამერიკელმა თავისი სისასტიკის, სიმდიდრის და ეშმაკობის წყალობით უზარმაზარი დანაშაულებრივი ორგანიზაციების ლიდერის სახელი მოიპოვა.

ესკობარი და ელ ჩაპო თავისი ეპოქის – 20 საუკუნის ბოლოს და 21–ე საუკუნის დასაწყისის ყველაზე ძებნადი დამნაშავეები იყვნენ და მათ კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ მშობლიურ ქვეყნებში, არამედ აშშ–შიც.

ორივემ მოახერხა ციხიდან გაქცევა. ორივე შედიოდა Forbes –ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში , ორივე დაუნდობელ ბრძოლას აწარმოებდა კონკურენტი კარტელების წინააღმდეგ. მათი ცხოვრების ისტორია მრავალ წიგნში, ფილმში და ტელესერიალშია მოთხრობილი.

თუმცა ეს არ არის ყველაფერი, რაც მათ აერთიანებს. ექსპერტები ამბობენ, რომ ესკობარი და გუსმანი თითქმის ბოლო წარმომადგენლები არიან იმ ტიპის ნარკობარონებისა, რომელთა მსგავსი მსოფლიოში ქრება. ესკობარი 1993 წელს მოკლეს, გუსმანი კი ამერიკის ციხეში მეორე სამუდამო პატიმრობის განაჩენს ელოდება. კრიმინალური სამყაროდან მათი წასვლით ცენტრალიზებული ნარკოკარტელების და ლეგენდარული ლიდერების ეპოქა სრულდება.

პოპულარობის ფასი


ესკობარის და ელ ჩაპოს მსგავსი კრიმინალური ლიდერების თანდათანობით გაქრობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.პირველ რიგში, ძნელია ახალი ნარკობარონების წარმოდგენა, რომლებიც ამდენ საზოგადოებრივ ყურადღებას მიიპყრობდნენ, რაც ესკობარმა და ელ ჩაპომ მოახერხეს.მათმა ცნობადობამ და გარკვეულწილად პოპულარობამაც კი მათ შესახებ არაერთი ლეგენდის შექმნა გამოიწვია და მრავალი სერიოზული პრობლემაც შეუქმნა.



პაბლო ეკობარმა ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა და კოლუმბიის პარლამენტში კონგრესმენის მოადგილეც იყო, რის შემდეგაც მისით პრესა აქტიურად დაინტერესდა. კონგრესში ადგილის დაკარგვის შემდეგ ესკობარმა კოლუმბიის იუსტიციის მინისტრის, როდრიგო ლარ ბონილიუს და გაზეთ Espectador –ის მფლობელის, გილერმო კანოს მოკვლა შეუკვეთა და ამგვარად ქვეყნის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა. რაც შეეხება გუსმანს, 2016 წლის იანვარში დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან ინტერვიუ მისცა მსახიობებს – შონ პენს და კეიტ დელ კასტილიოს, რის შემდეგაც მისი ადვოკატები ნიუ იორკის სასამართლოში აცხადებდნენ, რომ ის “საჯაროობით ტკბებოდა“.

ადვოკატის განცხადების კონტექსტი ის იყო, რომ საჯაროობის გამო ჰოაკინ გუსმანის, ანუ ელ ჩაპოს გარშემო უამრავი მითი შეიქმნა და ყურადღების ცენტრში მოხვდა იმ დროს, როცა ისმაელ მაიო სამბადა, რომელსაც აშშ–ს ხელისუფლება ელ ჩაპოსთან ერთად სინალოას ნარკოკარტელის მეთაურობაში სდებდა ბრალს, დაპატიმრებას გადაურჩა, რადგან ისეთივე გავლენიანი და ცნობილი არ იყო, როგორც ელ ჩაპო.



კოლუმბიური ფონდის – “იდეები მშვიდობისთვის“ ექსპერტი და აშშ–ს ვუდრო ვილსონის ფონდის თანამშრომელი, ხუან კარლოს გარსონი ამბობს, რომ კრიმინალურ სამყაროში “მოდა“ იცვლება და სახელოვანი ლიდერების დრო წარსულს ბარდება. “კრიმინალური სტრუქტურები სულ უფრო ხშირად დებენ ფსონს ნაკლებად ცნობილ ლიდერებზე, რადგან მათი მიზანია კრიმინალური საქმიანობა შეუფერხებლად განაგრძონ. ლიდერის პოპულარობა კი მათ წინააღმდეგ მუშაობს“ – ამბობს ხუან კარლოს გარსონი.

მოძველებული მოდელი


სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დღეისათვის ნარკომოვაჭრეთა დაჯგუფებები ლათინურ ამერიკაში თანდათანობით ცდილობენ უარი თქვან ცენტრალიზებული, ვერტიკალურად ინტეგრიგებული კარტელის მოდელზე სათავეში ერთი გავლენიანი ლიდერით.

მსხვილი კრიმინალური დაჯგუფებების დანაწევრების ტენდენცია ნაწილობრივ ხელისუფლებების მხრიდან მზარდი ზეწოლით აიხსნება, რომლებსაც თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი ინფორმაცია და ტექნიკური რესურსები აქვთ ნარკომოვაჭრეთა დევნისთვის.

მაგალითად, გუსმანის სასამართლოზე ერთ–ერთი მთავარი სამხილი გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გაშიფრული ზარები და მესიჯები იყო, რომელთა საშუალებით ის თავის დანაშაულებრივ ორგანიზაციას მართავდა. გუსმანი ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

“ნებისმიერი კრიმინალური სტრუქტურისთვის სერიოზული დილემაა, რომ ერთის მხრივ მკაცრი ცენტრალიზება კონტროლის გაუმჯობესებას იწვევს, მეორეს მხრივ კი ამ ორგანიზაციებს ხელისუფლებების წინაშე უფრო დაუცველს და ადვილად მოსახელთებელს ხდის“– ამბობს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ექსპერტი ლოუელა ანხელიკა დიურან–მარტინესი. თუმცა მეორეს მხრივ, დაჯგუფების დანაწევრების შედეგად ლიდერები თანდათანობით კარგავენ შესაძლებლობას ნარკობიზნესის მთელი ჯაჭვი აკონტროლონ: ნარკოტიკის წარმოებიდან მის გაყიდვამდე. ამას კარგად ახერხებდა ესკობარი მისი მედელინური კარტელით და ელ ჩაპო, რომელიც სინალოას კარტელს მეთაურობდა.

“შესაძლოა დაჯგუფებები უფრო რეგიონულებად იქცნენ, საერთაშორისო ცნობადობის ნარკობარონების გარეშე, რომლებიც ტელესერიალების გმირები ხდებიან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლოკალურ დონეზე ძლიერი ლიდერები არ იკვეთებიან“– ამბობს ექსპერტი.

მართვის სტრუქტურის გარდა ტრადიციულ ნარკობაზარს პრობლემები ახალმა პროდუქტებმაც შეუქმნა.სინთეტიკური ნარკოტიკების მზარდმა პოპულარობამ კრიმინალური ბაზრის სტრუტურა შეცვალა – წერს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ექსპერტი სტივენ დადლი.

“ მექსიკური კარტელები ისეთი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის იქმნებოდა, როგორებიც არის კოკაინი და ჰეროინი. მათი წარმოება სერიოზულ სამუშაო ძალას მოითხოვს, რენტაბელობა კი მხოლოდ დიდი მოცულობების დროს მიიღწევა, ამიტომაც გამოიწვია ამ ტიპის ნარკოტიკებით ვაჭრობამ დიდი, ცენტრალიზებული კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა, რომლებსაც უზარმაზარი საერთაშორისო ქსელების კონტროლი შეეძლოთ, რაც როგორც პროდუქციის წარმოებას, ასევე მის გავრცელებას მოიცავდა.სინთეტიკური ნარკოტიკების წარმოება კი უფრო იაფი ჯდება“ – წერს ექსპერტი თავის სტატიაში სახელწოდებით “დიდი კარტელების დასასრული“, რომელიც ჟურნალ Foreign Affairs–ში გამოქვეყნდა. მას მაგალითად მოჰყავს ოპიოდური ანალგეტიკი ფენტანილი, რომელიც ჩინეთში იწარმოება და ფოსტით იგზავნება აშშ–ში, სადაც პატარა ჯგუფები მის საცალო გაყიდვას აწარმოებენ.

ეს ყველაფერი ცხადყოფს, რატომ არის რომ ელ ჩაპოს დაკავებისა და ექსტრადიციის შემდეგაც კი აშშ–ში ნარკოტიკების ზედოზირებით სიკვდილის რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება, მექსიკაში კი ასევე რეკორდულია მკვლელობების მაჩვენებელი.

“ნარკოდაჯგუფებებს შორის კონკურენცია გაიზრდება“– ამბობს მწერალი მალკოლმ ბეიტი, რომელიც ნარკობარონების და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ არაერთი წიგნის ავტორია. “უახლოეს წლებში ჩვენ იმდენ ახალ დაჯგუფებას ვიხილავთ, რამდენიც არასოდეს არ ყოფილა. ნაკლები ნარკობარონები, მეტი ნარკომოვაჭრე ჯგუფები“– ასეთია მწერლის სამწუხარო პროგნოზი.
Print
ბოლო სიახლეები