ყალბი მედიკამენტების ინდუსტრია,რომლის გამო წელიწადში ასობით ათასი ადამიანი იღუპება
ახალი კვლევების თანახმად მსოფლიოში ბავშვთა სიკვილიანობა უხარისხო და ყალბი პრეპარატების გამო ყოველწლიურად იზრდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ასობით ათასი ბავშვი იღუპება მალარიის, პნევმონიის და სხვა დავადებების სამკურნალო უხარისხო ან უბრალოდ გაყალბებული წამლების გამო.

“ჩვენ ვსუბრობთ მინიმუმ 300 000 ბავშვზე, რომლებიც გარდაიცვალნენ ე.წ. წამლების გამო, რომლებსაც კრიმინალები ავრცელებენ.“ – ამბობს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, აშშს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის უფროსი მკვლევარი ჯოელ ბრემანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაყალბებული და უხარისხო მედიკამენტების სამი ტიპი განსაზღვრა:

1. “ფალსიფიცრებული სამედიცინო პროდუქტები“, რომელთა გამავრცელებლები განზრახ აყალბებენ ინფორმაციას წამლის შემადგენლობის, წარმომავლობის და არსის შესახებ.
2. “არასტანდარტული პრეპარატები“, რომლებიც კანონით რეგულირდება, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით და გზებით არ შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს და სპეციფიკაციებს – მაგალითად აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საჭიროზე ნაკლებ რაოდენობას შეიცავენ.
3. მესამე ტიპი: ეს არის არარეგისტირებული ან არალიცენზირებული სამედიცინო პროდუქტები, რომლებსაც არანაირი ტესტირება არ გაუვლიათ და არც შესაბამისი შესაბამისი სერთიფიკატი მიუღიათ.

კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ American Journal of Tropical Medicine and Hygiene–ში გამოქვეყნდა, ფალსიფიცირებული და არასტანდარტული მედიკამენტების რაოდენობა მუდმივად იზრდება. მაგალითად, ფარმაცევტების ჯგუფმა, სახელწოდებით Pfizer Global Security, რომელიც კონტრაფაქტური წამლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს, 2008 წელს 75 ქვეყანაში 29 ფალსიფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინა. 10 წლის შემდეგ კი 113 ქვეყანაში 95 პროდუქტი იპოვნა.

“თავიდან ძველებურად ღარიბ ქვეყნებზე ვფოკუსირდებოდით, რადგან მათთან დაავადებების რაოდენობა დიდია, კონტრლი კი არ არსებობს“ – ამბობს ბრემანი, რომელიც ამავე დროს ამერიკის ტროპიკული მედიცინის და ჰიგიენის საზოგადოების პრეზიდენტია. მისი თქმით, ფალსიფიცირებული და უხარისხო წამლების გავლენა საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში წამლების საერთო ბაზრის ბრუნვის 10%–ს შეადგენს და წელიწადში  200 მილიარდ დოლარს აღწევს. 
ბრემანის თქმით, ორი მთავარი პრობლემიდან ერთ–ერთი ამ ქვეყნებში მალარიის საწინაღმდეგო პრეპარატებია, რომლებიც წელიწადში 150 000 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება. ეს პრობლემა ძირითადად აფრიკის ქვეყნებში არსებობს. აქ გაყიდული პრეპარატების მეოთხედი უხარისხო და ფალსიფიცირებულია. მეორე საკვანძო პრობლემა დაბალგანვითარებულ ქვეყნებში ბავშვთა პნევმონიისთვის უხარისხო ანტიბიოტიკებია, რომლებიც ასევე ათასობით ბავშვის სიკვდილის მიზეზი ხდება.

ბავშვთა პრეპარატების გარდა, სულ უფრო იზრდება ფალსიფიცრებული პრეპარატების წილი ქრონიკული დაავადებების, მაგალითად ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებში. ფარმაცევტული უსაფრთხოების ინსტიტუტის ინფორმაციით ყალბი და უხარისხო პრეპარატების 50% სწორედ ამ ტიპის მედიკამენტებზე მოდის.

ყველაზე გავრცელებული ამ ყალბი პრეპარატებიდან არის გულის დაავადებების, ერექციული დისფუნქციის, სიმსივნის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (რეცეპტურული ოპიოიდები) წამლები, რომლებიც ხშირად ინტერნეტით ვრცელდება და ხანდახან ორგანიზებულ დანაშაულს და ტერორისტულ დაჯგუფებებსაც უკავშირდება.

ბერმანი აცხადებს, რომ არ გაუწევს პოპულარიზაციას და არ დაასახელებს იმ უკანონო საწარმოებს, რომლებიც ყალბ ნარკოტიკებს და ოპიოიდებს აწარმოებენ. მკვლევარი ამბობს, რომ მათი საწარმოები დაბინძურებულია, მოძველებული აპარატურით მუშაობს და მათ მიერ დამზადებული აბები ხშირად ფენტანილით და სხვა მავნე ნივთიერებებით არის გაჟღენთილი.

2009 წელს სულ რამდენიმე ონლაინ აფთიაქი არსებობდა, ათი წლის შემდეგ კი კვლევის ავტორების თქმით მთელი მსოფლიოს მაშტაბით დაახლოებით 35 000 ასეთი ონლაინ აფთიაქი არსებობს. ინტერნეტთან წვდომა განვითარებად ქვეყნებშიც იზრდება და საფრთხე სულ უფრო მეტ ადამიანს ემუქრება. ფარმაცევტული კომპანიებისთვის ეს პრობლემები კარგად არის ცნობილი. ონლაინ ვითარების შესასწავლად Pfizer Global Security–მ პრეპარატ ქსანაქსის 250 შესყიდვა განახორციელა ინტერნეტ პროვაიდერებისგან და აღმოაჩინა, რომ 96% გაყალბებული იყო.

ბოლო ათწლეულის მანძილზე მეცნიერები და არაკომერციული ორგანიზაციები ცდილობენ ამ პრობლემის შესახებ ადამიანთა ინფორმირებულობა გაზარდონ. ფალსიფიცირებულ და უხარისხო მედიკამენტებთან საბრძოლველად გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის სამმართველო, ინტერპოლი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აქტიურდებიან.

კვლევის ავტორების აზრით დროა ყველა ძალისხმევა გაერთიანდეს და არა მხოლოდ გამოვლინდეს ყალბი მედიკამენტები, არამედ ყველა ქვეყნებში გამკაცრდეს მათი კონტროლის შესახებ კანონმდებლობა, სტანდარტები და მონიტორინგის სისტემები.
კვლევის ავტორები საერთაშორისო ხელშეკრულების საჭიროებასაც არ გამორიცხავენ. მათი თქმით პრობლემა იმდენად მაშტაბური ხდება, რომ მაშტაბური ბრძოლაა აუცილებელი. მაგალითად, ყალბი მედიკამენტების გავრცელება იმას ნიშნავს, რომ მათი მოხმარების შედეგად ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მდგრადობა იზრდება. დაბალი ხარისხის მედიკამენტები რეზისტენტულობის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, რადგან თავად ბაქტერიების სრულად განადგურებას ვერ ახერხებენ აქტიური ინგრედიენტების ნაკლებობის გამო.

საერთაშორისო ძალისხმევას მოითხოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფალსიფიცირებული და უხარისხო მედიკამენტების თემა მრავალი წლის მანძილზე უმწვავესი პოლიტიკური პრობლემაა, თუმცა ბევრი სხვა პრობლემის კონტექსტში განიხილებოდა. ბოლო წლებში კი ორგანიზაციამ საკითხი უფრო მკაფიოდ გამოკვეთა და შეიმუშავა მედიკამენტების აღმოჩენის, რეაგირების და აღკვეთის გეგმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით მათ დღეს უფრო კოორდინირებული და შეთანხმებული პოლიტიკა აქვთ ორგანიზაციის წევრებთან ერთად, თუმცა კვლავ რჩება სერიოზული პრობლემაბი. დაბალგანვითარებულ ქვეყნებში კვლავ არ არსებობს ხარისხიანი ტესტირების მექანიზმები და საზღვრებიც ნაკლებად არის დაცული. ამ პრობლემისგან არც განვითარებული ქვეყნები არიან დაზღვეული ინტერნეტის წყალობით, რადგან არარეგისტრირებული ინტერნეტ აფთიაქებით და სმარტფონების აპლიკაცებითაც კი შეიძლება წამლის შეკვეთა რეცეპტის გარეშე და მათი ფოსტით მიღება.

ორგანიზაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ებრძვის ვებგვერდებს, რომლებიც პოტენციურად საშიშ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდიან, თუმცა ჯერჯერობით პრობლემას ვერ ერევიან.
Print
ბოლო სიახლეები