61 წლის ქალი ჰომოსექსუალ შვილს სუროგატ დედობაზე დათანხმდა და საკუთარი შვილიშვილი გააჩინა
61 წლის ამერიკელი ქალი ნებრასკის შტატიდან მისი ჰომოსექსუალი ვაჟიშვილის და მისი იმავე სქესის მეუღლისთვის სუროგატი დედა გახდა. სესილ ელეჯის თქმით ეს ერთადერთი შანსი იყო მისი შვილისთვის, მეთიუსთვის და მისი პარტნიორისთვის, ელიოტისთვის საკუთარი ბიოლოგიური შვილის მშობლები გამხდარიყვნენ.

ნებრასკის შტატში ტრადიციულად კონსერვატიული შეხედულებები მძლავრობს: ლგბტ მშობლებისთვის შვილის აყვანის აკრძალვა ამ შტატში 2017 წელს გაუქმდა. ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი 2015 წელს დაკანონდა, მას შემდეგ რაც აშშს უზენაესმა სასამართლომ ყველა შტატისთვის სავალდებულო კანონი მიიღო. თუმცა ნებრასკაში დღემდე არ არსებობს კანონი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

კვერცხუჯრედის დონორი ელიოტის უფროსი და გახდა. განაყოფიერებისთვის საჭირო სპერმა კი მეთიუსგან აიღეს. პატარა გოგონას უმა–ლუიზა დაარქვეს.

შტატის კანონების გამო, რომელიც სუროგატ დედობას არ აღიარებს, ბავშვის დაბადების მოწმობაში დედად თავად სესილი ჩაიწერა, მამად კი მისი შვილი მეთიუ. სხვა შტატებში მსგავს შემთხვევებში მშობლებად ოფიციალურად წერენ ერთნაირსქესიან წყვილებს.

პირველად სესილმა თავის შვილს და მის მეუღლეს მათი შვილის სუროგატი დედობა ორი წლის წინ შესთავაზა. “მაშინ მათ ბევრი იცინეს. მე ხომ 59 წლის ვიყავი“ – უყვება ბიბისი–ს სესილი. თუმცა რეპროდუქციულ კლინიკებში მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ ეს ვარიანტი ხუმრობიდან რეალობად იქცა, იმის მიუხედავად, რომ სესილმა ბოლოს 30 წლის წინ იმშობიარა, მენოპაუზა კი დიდი ხნის წინ დაუდგა.

“ექიმმა გამოკვლევაზე დამიბარა და მითხრა, რომ შეიძლებოდა გამომსვლოდა სუროგატი დედობა. ჯანმრთელობას ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას. სამი შვილი გავაჩინე და ვითომ რატომ არ შემეძლო კიდევ ერთი გამეჩინა?“ – ამბობს სესილი.


მისი სხვა შვილები დედის სუროგატულმა ფეხმძიმობამ თავიდან შოკში ჩააგდო, თუმცა სესილის თქმით როცა მათ სრული სურათი გააცნობიერეს, მთლიანად მხარი დაუჭირეს დედის და ძმის ინიციატივას. წინააღმდეგი არც სესილის ქმარი ყოფილა.

სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა არა მხოლოდ ჩასახვისთვის აუცილებელი ხელოვნური განაყოფიერების და ჰორმონალური თერაპიის, არამედ ორსულობის პერიოდის და მშობიარობის ანაზღაურებაზეც. მარტის ბოლოს სესილიმ უპრობლემოდ იმშობიარა. ექიმები საკეისრო კვეთისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მან ბავშვი ბუნებრივი გზით გააჩინა.

“ის საოცარი დედაა. უდიდეს პატივს ვცემ და უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ ჩემი გულისთვის ყველაფრის გაწირვა შეუძლია“ – ამბობს სესილის შვილი მეთიუ.

მეთიუ ელეჯი 2015 წელს მედიაში ბევრი პუბლიკაციის გმირი გახდა, როცა კათოლიკური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ადმინისტრაციას, სადაც მასწავლებლად მუშაობდა შეატყობინა, რომ მისივე სქესის პარტნიორზე დაქორწინებას აპირებდა. ამ შეტყობინების შემდეგ ელეჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მაშინ ელეჯის სკოლაში დაბრუნების და დისკრიმინაციის აღკვეთის მოთხოვნით პეტიციას ბევრმა მოსწავლემ და მათმა მშობელმა მოაწერა ხელი. სულ პეტიციამ 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ელეჯი სახელმწიფო სკოლაში მუშაობს.

ბებიების მიერ საკუთარი ბიოლოგიური შვილიშვილის გაჩენის შემთხვევები ბევრ ქვეყანაში არსებობს. თუმცა ასეთი შემთხვევების მოტივი ძირითადად გარდაცვლილი შვილის შთამომავლობის გაგრძელება ან საკუთარი ქალიშვილისთვის დახმარებაა, რომელსაც ჯანმრთელობა არ აძლევს დაფეხმძიმების საშუალებას.ჯერ კიდევ 2005 წელს ვირჯინიის შტატში კამილ ჰემონდმა სამი ტყუპი გააჩინა. ბიოლოგიურად ეს მისი ქალიშვილის შვილები იყვნენ, რომელსაც უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს.

ამერიკის სხვადასხვა შტატში განსხვავებული კანონები მოქმედებს. ზოგ შტატში დედად აღიარებენ ქალს, ვისი გენეტიკური მასალაც იქნა ჩასახვისას გამოყენებული. ზოგ შტატში კი, მათ შორის ნებრასკაში დედა ითვლება ქალი, ვინც ბავშვი მუცლით ატარა და გააჩინა, თუნდაც ის სუროგატი დედა იყოს.
Print
ბოლო სიახლეები