საკვები სოდის სასწაულმოქმედი თვისებები. მითები და რეალობა
ინტერნეტ სივრცეში უამრავ რეცეპტს და რჩევას წააწყდებით სოდასთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს უამრავ დაავადებას კურნავს – გულძმარვიდან დაწყებული სიმსივნით დამთავრებული. ღირს თუ არა მართლაც ამ ტენდენციის აყოლა და სოდის “ყოვლისშემძლეობის“ დაჯერება.

ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, როგორც ქიმიკოსები საკვებ სოდას უწოდებენ, ოფიციალურად გამოდის წამლის სახით. ის ვენაში შეყავთ მძიმე ინფექციების, მოწამვლის, შაქრიანი დიაბეტის და სხვა შემთხვევებში, როცა აციდოზი (სისხლში მჟავიანობის მომატება) ვითარდება. ეს არის გადაუდებელი თერაპიის საშუალება. არცთუ დიდი ხნის წინ სოდა ფხვნილის სახით იყიდებოდა გულძმარვის საწინააღმდეგოდ. საბჭოთა დროში კი სოდის რექტალური სანთლები იყიდებოდა ე.წ. ზღვის დაავადების საწინააღმდეგოდ.

ფხვნილები და სანთლები გაყიდვაში დიდი ხანია აღარ გვინახავს, თუმცა არავინ გვიშლის ჩვეულებრივი საკვები სოდა გამოვიყენოთ. ის მართლაც ეფექტურია ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, სოდა ათხევადებს ნახველს და ამსუბუქებს ხველას. ამ შემთხვევაში სოდის მიღების ოპტიმალური ფორმა სოდიანი ინგალაციაა. თუმცა შესაძლებელია ცხელ რძესთან ერთად მისი მიღება – 1/3 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა რძეზე.

სხვათა შორის, სოდა შედის ხველის საწინააღმდეგო მრავალკომპონენტიანი – თერმოპსისის და ტერპინკოდის წამლების შემადგენლობაში. ისინი ძალიან იაფი ღირს თანამედროვე პრეპარატებთან შედარებით, თუმცა ეფექტურობის მხრივ არ ჩამოუვარდება.გაციებისა და სტომატიტის დროს პირის ღრუში სოდიანი წყლის გამოვლებაც ეფექტურად ითვლება.

თუმცა სოდას ყველაზე ხშირად გულძმარვის დროს იყენებენ. დიდი ქიმიკოსობა არ არის საჭირო მისი მოქმედების მექანიზმის გასაგებად. სოდა – ტუტე ნივთიერებაა, რომელიც მარილმჟავას ანეიტრალებს, რომელიც თავის მხრივ გულძმარვას იწვევს. ის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად მოქმედი და ეფექტური ანტაციდია. თუმცა არცთუ საუკეთესო. მჟავასთან მისი სწრაფი რეაქციის დროს ბევრი ნახშირმჟავა გაზი გამოიყოფა, რაც რაც კუჭის გაფართოებას, შედეგად კი მჟავის ახალი პორციის გამოყოფას იწვევს. ამას რიკოშეტის სინდრომს უწოდებენ. სოდას ხანმოკლე მოქმედება აქვს, ამიტომ მისი მიღება ადამიანს ხშირად უწევს, რამაც შეიძლება ალკალოზი, ანუ სისხლის ალკალიზაცია გამოიწვიოს. ამიტომაც თუ გადაწყვიტეთ გულძმარვა სოდით გაანეიტრალოთ, მხოლოდ ერთჯერადად და ეპიზოდურად. ხანგრძლივი მკურნალობისთვის ჯობს თანამედროვე ანტაციდები გამოიყენოთ.

როცა ინტერნეტში კითხულობთ, რომ საკვები სოდის უნარს ბაქტქერიები დახოცოს, კიბოს თერაპიაში იყენებენ, გაითვალისწინეთ, რომ ამას კვალიფიციურ მსჯელობასთან საერთო არაფერი აქვს. არც ბაქტერიები და არც სოკო კიბოს არ უკავშირდება. თუმცა რეალობა ის არის, რომ ექიმები მაინც სერიოზულად სწავლობენ სოდის როლს კიბოს მკურნალობაში. ის ავთვისებიან უჯრედებს წამლების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის და ამით თერაპიის ეფექტურობას ამაღლებს. გასულ წელს ამერიკის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მკვლევარებმა ასეთი მოქმედების მექანიზმი გაშიფრეს. ლაბორატორიულ ცხოველებს, რომლებიც კიბოთი იყვნენ დაავადებული სოდიან წყალს ასმევდნენ. შედეგად ავთვისებიანი უჯრედები წამლების მოქმედებას უკეთ ექვემდებარებოდნენ.

2018 წელს აშშ–ში, ოგასტის უნივერსიტეტში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დღეში ნახევარ ჩაის კოვზ სოდას შეუძლია დაეხმაროს ავტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს, მაგალითად რევმატოიდული ართრიტის დროს, როცა ადამიანის იმუნური სისტემა ორგანიზმს თავად უტევს აგრესიულად და სერიოზულ დაზიანებებს იწვევს. სოდამ სისხლის იმუნურ უჯრედებში, ელენთაში და თირკმელებში ცვლილებები გამოიწვია, რომლებმაც ეს აგრესია შეასუსტა. ეფექტი აშკარა იყო როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. გარდა ამისა სოდამ თირკმელის უკმარისობის დამუხრუჭება გამოიწვია.

კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება და მეცნიერები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. თუმცა როგორც გამოცდილება აჩვენებს, იაფფასიანი მეთოდები და პრეპარატები ბაზარზე ძნელად მკვიდრდება.ფარმაცევტული კომპანიებისთვის უფრო მომგებიანი და ადვილია ისეთი პრეპარატების აქტუალიზაცია, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და დიდ მოგებას ტოვებს. თუმცა სოდას მაინც აქვს შანსი. მასთან დაკავშირებულ კვლევებს არა რომელიმე ფირმა, არამედ აშშ–ს ნაციონალური ჯანდაცვის სახელმწიფო ინსტიტუტი აფინანსებს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული