47 წლის ასაკში ადამიანი ყველაზე უბედურია – მეცნიერების დასკვნა
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ე.წ. საშუალო ასაკის კრიზისის პიკი სტატისტიკურად 47 წლის ასაკში მოდის.

ამერიკის ეკონომიკური კვლევების ნაციონალური ბიუროს ანგარიშის მიხედვით ადამიანის ცხოვრების ე.წ. ბედნიერების მრუდის ყველაზე დაბალი წერტილი განვითარებულ ქვეყნებში 47 წლის ასაკზე მოდის, განვითარებად ქვეყნებში კი 48 წლის ასაკზე.

კვლევის ავტორის, დარტმუდი კოლეჯის პროფესორის, დევიდ ბანჩფლაუერის თქმით, რომელმაც 132 ქვეყნის მონაცემები შეისწავლა, ტენდენცია იკვეთება მიუხედავად სქესისა, განათლებისა, ოჯახური მდგომარეობისა და სოციალური სტატუსისა: ბედნიერების მრუდი ყველგან გვხვდება.

თავის ნაშრომში ბლანჩფლაუერმა ბედნიერების დაახლოებით 15 სხვადასხვა საზომი გამოიყენა – ბედნიერების, ფობიების, სასოწარკვეთის, მარტოობის, სტრესის და გამოუძინებლობის ჩათვლით.

უფრო მეტიც, მეცნიერი მიუთითებს 2012 წლის შედეგებზე, რომელმაც მსგავსი მრუდები გამოავლინა ორანგუტანგებში და შიმპანზეებში.

ამის საფუძველზე მეცნიერი აკეთებს დასკვნას, რომ ბედნიერების მრუდი მხოლოდ ადამიანებს არ ახასიათებს და მართალია ნაწილობრივ მისი ახსნა ადამიანური საზოგადოების და ცხოვრების თავისებურებებით შეიძლება, მისი ფესვები მაინც პრიმატების ბიოლოგიაში უნდა ვეძებოთ. პროფესორი იმასაც ვარაუდობს, რომ ცხოვრების ციკლში ასეთი მრუდის არსებობა გენურ დონეზეა დაპროგრამებული.

ამ კვლევის მთავარი შედეგი კი ბლანჩფლაუერის თქმით იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე დაბალი წერტილის შემდეგ ცხოვრება დალაგებას იწყებს.

“თუ საშუალო ასაკის კრიზისს განიცდით, სასარგებლოა გესმოდეთ, რომ მარტო თქვენ არ ხართ ასეთი. ეს ბევრ ადამიანს ემართება. და კიდევ, ეცადეთ ამ პერიოდში მარტო არ დარჩეთ. ეკონტაქტეთ მეზობლებს, ოჯახს, მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან და ნუ შეუშლით ხელს ადამიანებს დაგეხმარონ. ასე თავს უკეთ იგრძნობთ.“– ამბობს მეცნიერი.

Print
ბოლო სიახლეები