რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ტრავმამ

ადამიანები ხშირად არ აღიარებენ ფსიქოლოგიურ ტრავმებს და მათ უდიერად ეკიდებიან: “გამივლის, არ ღირს ყურადღების გამახვილება“  – ასეთი დამოკიდებულება ხშირია. თუმცა ეს მიდგომა არასწორი და საშიშიც არის. ფსიქოლოგიური ტრავმა არანაკლებ, და ხანდახან უფრო სერიოზულიც არის, ვიდრე “ჩვეულებრივი“ სომატური ტრავმა, როგორიც არის მაგალითად მოტეხილობა. უფრო მეტიც, თუ ფსიქოლოგიური ტრავმის იგნორირებას დაიწყებთ და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად არაფერს გააკეთებთ, მან შესაძლოა კონკრეტული დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს.

ფსიქიატრიაში სპეციალური მიმართულებაც კი არსებობს, რომელსაც ფსიქოსომატიკა ჰქვია. ეს არის სომატიკური სამედიცინო დაავადებები,  რომლებშიც ფსიქოლოგიურ ან სტრესულ ფაქტორს მნიშვნელოვანი, ან გადამწყვეტი როლი ენიჭება. ფსიქოსომატურ დაავადებებს განეკუთვნება მაგალითად ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა, კუჭ–ნაწლავის ბევრი დაავადება. ბევრი მათგანი მხოლოდ ფსიქოტროპული პრეპარატებით იკურნება. მედიკოსები ხანდახან ზემოთჩამოთვლილი დაავადებების დროს ანტიდეპრესანტებს და შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატებსაც ნიშნავენ, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვება. მაგალითად, წნევის დარეგულირებაში შესაძლებელია შფოთვის საწინააღმდეგო პრეპარატმაც დადებითი გავლენა მოახდინოს.



არსებობს ასეთი მოვლენა, როგორიცაა “ავადმყოფობაში გაქცევა“, როცა ადამიანი ცდილობს გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციოს და ქვეცნობიერად ავადმყოფობას იხანგრძლივებს.  ასეთ შემთხვევაში პაციენტი სწორედაც რომ ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ვერ ახერხებს გამოჯანმრთელებას.

ზოგადად, ყველაფერი პირობითი და შედარებითია, მათ შორის სტრესი და ფსიქოლოგიური ტრავმაც. ერთი და იგივე გამოცდილება ან პრობლემა შესაძლოა ერთი ადამიანისთვის ადვილად გადასატანი იყოს, მეორეს კი ღრმა ტრავმა მიაყენოს. ვიღაცისთვის ფსიქოლოგიური ტრავმა შესაძლოა გადატანილი კატასტროფა, ტრაგედია, ახლობელი ადამიანის სიკვდილი იყოს. ვიღაცისთვის კი შეყვარებულთან დაშორება ან  მცირე წარუმატებლობა. ყველაფერი ადამიანის აღქმაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის ის მდირეკილი შფოთვისკენ, რადგან სწორედ შფოთის და განგაშის შეგრძნება უბიძგებს გარკვეულ მექანიზმებს ამოქმედებისკენ და ერთგვარი შეკრული წრეც იქმნება: სტრესი პროვოცირებას უკეთებს განგაშის შეგრძნებას, განგაშის შეგრძნება პროვოცირებას უკეთებს ბევრ სხვადასხვა სიმპტომს. მაგალითად, პანიკური შეტევების წყარო სწორედ განგაშის გრძნობაა, არადა ორივეს მსგავსი, სომატური  სიმპტომები აქვს.

მოკლედ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფსიქოლოგიურად ძნელად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ მძიმე სიტუაციებს ფსიქოლოგიური ტრავმა შესაძლოა ბევრი თანმდევი პრობლემის და დაავადების მიზეზი გახდეს. ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობისას კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამიტომაც წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში თერაპევტებსაც კი ფსიქიატრიას გარკვეული დოზით ასწავლიან, რათა მათ შეძლონ ერთმანეთისგან გაარჩონ დეპრესია, შფოთვითი აშლილობები და სერიოზული ფსიქიური დაავადებები, რათა პაციენტის უფრო ეფექტური და ოპტიმალური მკურნალობა შეძლონ.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა