მეცნიერებმა სიგამხდრის გენი აღმოაჩინეს

მეცნიერები ამბობენ, რომ იპოვნეს პასუხი კითხვაზე – რატომ ხდება, რომ ზუსტად ერთნაირი  კვებისას ზოგი ადამიანი არ სუქდება, ზოგი კი სწრაფად იმატებს. ყველაფერი გენების ბრალია.

ჟურნალ PLOS Genetics –ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ არსებობენ გენები, რომლებიც მის მფლობელებს პრაქტიკულად სიგამხდრის გარანტიას აძლევენ. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ადამიანთა ნაწილს გაუმართლა და მათი სიგამხდრის მიზეზი არა სწორი კვება ან რეგულარული ვარჯიში, არამედ გენეტიკური მოცემულობაა.


ბოლო ათწლეულების მანძილზე მკვლევარებმა ასობით გენი აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის სიმსუქნისკენ მიდრეკილებას განაპირობებენ. თუმცა ბევრად ნაკლებია ისეთი გენებისადმი მიძღვნილი კვლევები, რომლებიც სიგამხდრეს იწვევს.

კვლევის პროცესში მეცნიერებმა 1600 გამხდარი და ჯანმრთელი ბრიტანელის გენეტიკური მონაცემები შეისწავლეს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 18–ზე დაბალია. ასევე შეისწავლეს 2000 ადამიანი სიმსუქნის მძიმე ფორმით, და 10 400 ადამიანი სხეულის ნორმალური მასით. კვლევის მონაწილეებს უნდა გაეცათ პასუხი კითხვებზე მათი კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ.


მეცნიერებმა დაადგინეს რომ მსუქან ადამიანებს იმ გენების მთელი კრებული აღმოაჩნდათ, რომლებიც სიმსუქნისკენ მიდრეკილებას იწვევს. იმ დროს, როცა კვლევის გამხდარ მონაწილეებს არათუ ეს გენები არ აღმოაჩნდათ, არამედ ის გენები გამოვლინდა, რომლებიც ჯანმრთელ სიგამხდრეზეა პასუხისმგებელი.


“ნუ იჩქარებთ კრიტიკას“



კვლევის ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სადაფ ფარუკი ყველას მოუწოდებს ნუ გააკრიტიკებენ მსუქან ადამიანებს ზედმეტი ჭამის ან ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო.


როგორც კვლევა აჩვენებს, გამხდრები იმიტომ არიან გამხდრები, რომ მათში ნაკლებია გენები, რომლებიც ადამიანს სიმსუქნისკენ განაწყობს, და არა იმიტომ, რომ ისინი უფრო სწორად ცხოვრობენ. ადვილია დასკვნების გაკეთება და ადამიანების გაკრიტიკება ზედმეტი წონის გამო, მაგრამ როგორც სამეცნიერო მონაცემები გავიჩვენებს, ეს საკითხი რთულია. ჩვენ ბევრად ნაკლები საშუალება გვაქვს ჩვენი წონა ვაკონტროლოთი, ვიდრე ვისურვებდით “– ამბობს სადაფ ფარუკი.


მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შემდეგ ეტაპზე ისინი შეეცდებიან დაადგინონ  ზუსტად რომელი გენების თანხვედრა განაპირობებს ჯანმრთელ სიგამხდრეს.


მეცნიერების უფრო გრძელვადიანი ამოცანაა იმის გარკვევა, როგორ შეიძლება “სიგამხდრის გენის“ შესახებ ცოდნა გახდომის ახალი მეთოდების შესამუშავებლად გამოიყენონ.

გენები თუ ცხოვრების წესი?

დიეტოლოგების თქმით, ზედმეტი წონა ხშირად გენებით არის განპირობებული, მაგრამ სხვა ფაქტორებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად ცხოვრების წესი ან ნაწლავის მიკროფლორა, რაც წონაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.


კვლევის შედეგების კომენტირებისას ლონდონის სამეფო კოლეჯის დიეტოლოგიის პროფესორი ტომ სანდერსი ამბობს: “ეს მნიშვნელოვანი და კარგად ჩატარებული კვლევაა, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმსუქნისკენ მიდრეკილება გენეტიკურად არის განპირობებული. ასევე კვლევა აჩვენებს, რომ გამხდარი ადამიანები სხვებისგან გენეტიკურად განსხვავდებიან. თუმცა არ ღირს აჩქარება და ყველაფრის „ცუდი„ ან „კარგი“ გენეტიკით ახსნა. ხშირ შემთხვევაში ზედმეტი კილოგრამები უკვე ასაკში გროვდება და უშუალოდ უკავშირდება ცხოვრების უძრავ წესს ან მაღალკალორიული პროდუქტების გადამეტებულ მოხმარებას“ – ამბობს ტომ სანდერსი.


ექიმები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომელი გენებით დაგაჯილდოვათ ბუნებამ, ჯანსაღი ფიზიკური დატვირთვა და გონივრული დიეტა აუცილებელია.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა