ბრიტანელი მეცნიერების რევოლუციური აღმოჩენა სიმსივნის მკურნალობაში
ბრიტანეთის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური წამალი შექმნეს, რომელმაც ახლახანს გაიარა კლინიკური ცდები და ექვსი სახის სიმსივნის სამკურნალოდ ეფექტურ საშუალებად აღიარეს.

ინოვაციური თეარაპია “ტროას ცხენის“ პრინციპით მუშაობს. შემქმნელებმა წამალი “დამალეს“ და ტოქსიკური მოლეკულები უწყინარი ანტისხეულით შენიღბეს. ამგვარად ის პირდაპირ სიმსივნეში ხვდება და შიგნიდან ანგრევს.

ცდები კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესული ფორმების მქონე პაციენტებზე ჩატარდა, რომლებსაც დაავადების გვიანი სტადია ჰქონდათ და რომლებსაც მანამდე ვერცერთმა სხვა ტიპის მკურნალობამ ვერ უშველა.

საუკეთესო შედეგი ახალმა წამალმა საშვილოსნოს ყელის და შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს აჩვენა: მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღენიშნა პაციენტთა მეოთხედს, რომლებსაც მანამდე განუკურნებლად თვლიდნენ. სიმსივნე ან ზომებში შემცირდა, ან ზრდა მთლიანად შეწყვიტა .
გარდა ამისა, ბრიტაპნელი მეცნიერების ცნობით თერაპია ეფექტური აღმოჩნდა ფილტვების, კუჭნაწლავის , საშვილოსნოს და საკვერცხეების სიმსივნის მკურნალობისას. თუმცა არაეფექტური აღმოჩნდა პროსტატის კიბოს მკურნალობაში.

ტროას ცხენი



წამალი, რომელსაც თავად შემქმნელები TV ( tisotumab vedotin ) -ს უწოდებენ, ორგანიზმში ვენიდან შეჰყავთ და ის შეიძლება ითქვას, რომ ქიმიისა და იმუნოთერაპიის ჰიბრიდია.
ტოქსიკური ნივთიერება ანტისხეულის ბოლოზეა მიმაგრებული, რომელიც CD142 ცილაზე მაგრდება. ასეთი ცილა განსაკუთრებით ბევრია კიბოს უჯრედების ზედაპირზე. მოლეკულა საბოლოოდ სიმსივნის შიგნით შეიწოვება, სადაც ტოქსინი თავისუფლდება და სიმსივნურ უჯრედებს შიგნიდან ანგრევს.
თერაპიას თანმდევი უარყოფითი ეფექტებიც აქვს, თუმცა ისინი ასატანია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გულის რევა, მომეტებული დაღლილობის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.

კლინიკური კვლევების პირველ ეტაპში 150 სიმსივნით დაავადებული მონაწილეობდა ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, დანიიდან, აშშ–დან და შვედეთიდან.

თუმცა თერაპიის შედეგები იმდენად იმედისმომცემი აღმოჩნდა, რომ ჯერ კიდევ კვლევის გამოქვეყნებამდე მეცნიერებმა მეორე ეტაპი დაიწყეს, ამჯერად უკვე რამდენიმე ასეული განუკურნებელი პაციენტის მონაწილეობით.

კვლევის ხელმძღვანელის, კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორის, ჯოან დე ბონოს განცხადებით წამალი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ხორხის და თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობისთვისაც:
„პრინციპული სიახლეა თავად თერაპიის მოქმედების პრინციპი. წამალი კიბოს უჯრედებში აღწევს, როგორც ტროას ცხენი და მათ შიგნიდან ანადგურებს“ – ამბობს ის.

კითხვაზე, როდის გახდება მსგავსი თერაპია ხელმისაწვდომი რიგითი პაციენტებისთვის და როდის გასცდება ის კლინიკური კვლევების ჩარჩოებს, პროფესორი ბონო პასუხობს, რომ ხუთი წლის შემდეგ, ან შესაძლოა ცოტა ნაკლებ დროშიც.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა