რევოლუციური აღმოჩენა:მეცნიერებმა სიმსივნის ზუსტი მიზეზის დადგენის მეთოდს მიაგნეს
ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაგნეს ხერხს, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების ზუსტი მიზეზის დადგენა კიბოს უჯრედების დეენემის მიხედვით.აქამდე ექიმებს მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ქონდათ იმის შესახებ, რა ნივთიერებებია კანცეროგენული და რა იწვევს კიბოს (მაგალითად აზბესტი ან გამონაბოლქვი გაზები), თუმცა ყოველი ცალკეული პაციენტის დაავადების მიზეზზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეეძლოთ.

მაგალითად, თუ ადამიანს ფილტვის კიბოს დაუდგენდნენ, ზუსტად ძნელი იყო იმის თქმა, მოწევის შედეგად გაჩნდა ის, დაბინძურებულ გარემოში ცხოვრებისგან თუ სამუშაო ადგილზე რომელიმე მავნე ნივთიერების რეგულარული ჩასუნთქვისგან.

კემბრიჯის უნივერსიტეტისა და ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერებმა კი შეძლეს დეენემის უნიკალური მუტაციების კატალოგის შედგენა, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება ზუსტად დადგინდეს, რომელი გარე ფაქტორების ზემოქმედებით განვითარდა ნებისმიერი კონკრეტული სიმსივნე – მაგალითად, იყო ის ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული თუ პესტიციდებთან კონტაქტით.
ორშაბათს ჟურნალ Cell–ში გამოქვეყნდა კიბოს მარკერების ვრცელი ჩამონათვალი, რომელსაც ჟურნალისტებმა უკვე უწოდეს “კიბოს შავი ყუთები“, თავად მეცნიერები კი თითის ანაბეჭდს ადარებენ.

“მომავალში ჩვენი კატალოგი ექიმებს საშუალებას მისცემს ზუსტად განსაზღვრონ, კონკრეტულად რომელმა ნივთიერებამ გამოიწვია კიბოს განვითარება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს ინფორმაცია შესაძლოა ფასდაუდებელი აღმოჩნდეს, რადგან შესაძლებელი გახდება სხვა ადამიანების დაცვა პოტენციურად საშიში კანცეროგენებისგან“ – წერს კვლევის ერთ–ერთი ავტორი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი სერენა ნიკ–ზანაი.

“კიბოს ხელწერა“

ჩვენი დეენემი გრძელ ჯაჭვს წარმოადგენს, რომელიც მოლეკულების – ნუკლეოტიდების გარკვეულ თანმიმდევრობისგან შედგება. ისინი სულ ოთხნაირია და ბიოლოგიაში მათ აღნიშნავენ ლათინური ასოებით – A, C, G და T.

ხანდახან ეს თანმიმდევრულობა ირღვევა და მაგალითად, A გადაიქცევა G–დ. ასეთ ცვლილებას მუტაციას უწოდებენ და ის შეიძლება უამრავი სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, მათ შორის გარე ფაქტორებით, როგორიცაა მზის გამოსხივება ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, რომელსაც თამბაქოს კვამლი ან მანქანის გამონაბოლქვი შეიცავს.
უჯრედები დაყოფით მრავლდება, და ამავე დროს ყოველი მათგანი საკუთარი დეენემის ზუსტ ასლს შობს, მასში არსებული შეცდომებიანად. დროთა განმავლობაში ასეთი შეცდომები დიდი რაოდენობით გროვდება და ამან შეიძლება უჯრედების უკონტროლო ზრდა, ანუ კიბოს განვითარება გამოიწვიოს.

ადრე ძალიან რთული იყო იმის განსაზღვრა, კონკრეტულად რამ გამოიწვია სიმსივნე. ახლა კი მეცნიერებს უკვე აქვთ საშუალება საკმაოდ სწრაფად მთლიანად მოახდინონ ადამიანის გენომის სკანირება, რის შედეგადაც კიბოს უჯრედებში ყველა მუტაციის მოძებნა და ერთგვარი “კიბოს ხელწერის “ , ანუ იმ ნიშნების გამოვლენა იქნება შესაძლებელი, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული გარე ფაქტორისთვის არის დამახასიათებელი.

კიბოს პირველი კატალოგის შესადგენად ბრიტანელმა ბიოლოგებმა ჯანსაღი ღეროვანი უჯრედები აიღეს და 79 სხვადასხვა ცნობილი კანცეროგენის ზემოქმედებას დაუქვემდებარეს, შემდეგ კი ყოველ უჯრედში მომხდარი დეენემის ცვლილებები შეისწავლეს.
გაირკვა, რომ მინიმუმ 41 ამ ქიმიური ნივთიერებიდან, რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლია, სულაც არ არის ძნელად ამოსაცნობი “მუტაციის ხელწერით“, რომელიც ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.

“ფაქტიურად ეს საშუალებას გვაძლევს კიბოს ყოველი შემთხვევა განვიხილოთ როგორც დანაშაულის ადგილი, და როგორც გამომძიებლებს შეუძლიათ მტკიცებულებების დახმარებით დამნაშავე იპოვნონ, ჩვენც შევძლებთ განვსაზღვროთ, კონკრეტულად რა იყო პასუხისმგებელი კიბოს განვითარებაზე “ – ამბობს პროფესორი ნიკ ზანაი.

ახლა მკვლევარების ამოცანაა უკვე არსებული კატალოგი შეავსონ და გააფართოვონ, მათ შორის შეისწავლონ და დაადგინონ როგორ ამოიცნონ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობის შედეგად განვითარებული კიბოს შემთხვევა.
Print
ბოლო სიახლეები