პროფესორ ემილი ოსტერის 13 რჩევა მშობლებს
ახალბედა მშობლებს უამრავი კითხვა და შიში აწუხებთ. ყოველ დღიურად ახალ დილემას აწყდები ბავშვის მოვლისას და ხშირად კითხვებზე პასუხები არ გაქვს. ნათესავ–მეგობრები, და ხშირად უცხო ადამიანები რჩევებს არ იშურებენ, ინტერნეტშიც უამრავი სტატიაა, არსებობს წიგნებიც, თუმცა ხშირად სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია ურთიერთგამომრიცხავი და კიდევ უფრო დამაბნეველია.
როცა ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, ემილი ოსტერი დაფეხმძიმდა, მას ბევრი კითხვა აწუხებდა, მრავალი, ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი რჩევა კი აბნევდა და აღიზიანებდა. ამიტომაც გადაწყვიტა ფეხმძიმობის პერიოდში მიღებული ცოდნა სტატისტიკასთან და სამედიცინო ლიტერატურასთან შეედარებინა და თავად წაიკითხა უამრავი სამეცნიერო სტატია თუ წიგნი.

ამის შედეგად მან დაწერა პირველი წიგნი: Expecting Better. წიგნში საუბარია იმაზე, თუ რისი კეთება შეიძლება და რისი არა ფეხმძიმობის პერიოდში.


მას შემდეგ, რაც დედა გახდა ემილიმ იგივე მიდგომა გამოიყენა თავის ახალ წიგნზე Cribsheet – მუშაობისთვის. წიგნში მან ჩამოაყალიბა მის გამოცდილებაზე და ცოდნაზე დაყრდნობით შემუშავებული საუკეთესო მიდგომები მშობლებისთვის.

აი, რამდენიმე დასკვნა, რომლებიც ემილი ოსტერმა ასობით კვლევის და მრავალფეროვანი ლიტერატურის შესწავლის შედეგად გააკეთა. თავად გადაწყვიტეთ, ენდოთ თუ არა მათ:



1. ძუძუთი კვება არ არის პანაცეა, როგორც ეს ბევრს გონია


არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს რომ ძუძუთი კვება მოკლევადიან პერსპექტივაში ბავშვის ჯანმრთელობას აუმჯობესებს: მას ნაკლები შანსი აქვს ალერგიული რეაქცია, კუჭ–ნაწლავის პრობლემები ან ყურის ინფექცია განუვითარდეს. თუმცა არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება მას გრძელვადიან პერსპექტივაშიც რაიმე უპირატესობას აძლევს.

ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან არც თანატოლებზე უფრო ჭკვიანები არიან და არც იმის მტკიცებულებები არსებობს, რომ მომავალში მათ სიმსუქნე, დიაბეტი ან ონკოლოგიური დაავადებები ნაკლებად ემუქრებათ.

თუმცა, ძუძუთი კვება 20–30%–მდე ამცირებს თავად დედისთვის მკერდის კიბოს განვითარების რისკს.

2. შეგიძლიათ ძუძუთი კვების დროს მცირე რაოდენობით ალკოჰოლი მიიღოთ


ალკოჰოლის მიღებისას მისი დონე დედის რძეში ზუსტად იმდენივეა, რამდენიც სისხლში – ამტკიცებს ოსტერი ასობით კვლევის გაცნობის საფუძველზე. ბავშვი რძეს იღებს და არა უშუალოდ ალკოჰოლს, ასე რომ მისი დოზები უკიდურესად დაბალია.

თუმცა, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მეძუძური დედის მხრიდან რა თქმა უნდა არ შეიძლება და მისი დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი.თუ მეტისმეტად ფრთხილი ხართ და საერთოდ არ გინდათ გააკაროთ თქვენს შვილს ალკოჰოლი, მაინც შეგიძლიათ ერთი ჭიქა ღვინო დალიოთ, თუმცა მოგიწევთ ორი საათი მოიცადოთ, სანამ ბავშვს ძუძუს აჭმევთ. ამ დროში ალკოჰოლი მთლიანად გადამუშავდება. თუ ორ ჭიქას დალევთ, მოცდის ვადა ოთხ საათამდე იზრდება.

3. თუ ანტიდეპრესანტები გამოგიწერეს, ისინი უნდა მიიღოთ


ოსტერი წერს, რომ ანტიდეპრესანტები დედის რძეში ხვდება, მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე. მშობიარობის შემდგომი დეპრესია სერიოზული დაავადებაა და მისი მკურნალობა აუცილებელია. თუ ის გაწუხებთ, ჯობს ექიმს მიმართოთ და თავს მიხედოთ,რადგან მშობიარობის შემდგომი დეპრესია შესაძლოა სრულიად დამანგრეველი და ტრაგიკულიც კი აღმოჩნდეს, რითაც თქვენს შვილს უფრო მეტად დააზარალებთ.


4. უნდა დავიძინოთ თუ არა პატარასთან ერთ ოთახში

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით მინიმუმ პირველი ექვსი თვე, იდეალურ შემთხვევაში კი ერთი წელი სასურველია ბავშვს მშობლების ოთახში ეძინოს. ეს ბავშვის მოულოდნელი სიკვდილის სინდრომისგან თავის დაცვაში დაგვეხმარება.

თუმცა ოსტერი ამბობს, რომ უკვე პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად ცხოვრების აუცილებლობა პრაქტიკულად ქრება.

თუ გინდათ ბავშვი თქვენთან ერთად ოთახში იძინებდეს, რა თქმა უნდა, თქვენი ნებაა. სტატისტიკურადაც ეს სასურველია სანამ ბავშვი რამდენიმე თვის არის.

თუმცა, ემილი ოსტერის აზრით, არ არის სწორი მშობლებს დაჟინებით ურჩიო მთელი წელი ბავშვი თავის ოთახში დააძინოს და თავი უძილობისთვის გაწიროს, როცა ამის აუცილებლობა არ არსებობს.




5. საშიშია თუ არა ბავშვს მშობლებთან ერთად ერთ საწოლში ეძინოს?


პრაქტიკულად ყველა კვლევის შედეგი ადასტურებს, რომ ეს საკმაოდ საშიშია. როდესაც ბავშვებს უფროსებთან ერთად ერთ საწოლში სძინავთ, სიკვდილიანობის დონე 20–60–ჯერ აღემატება საბაზო რისკებს.

ასე რომ, არ არის სასურველი ბავშვს მშობლის საწოლში ეძინოს.

6. უნდა გავახვიოთ თუ არა ბავშვი სახვევებში?

დიახ, პირველი თვეების განმავლობაში სახვევებში ბავშვები ნაკლებად ტირიან და უკეთ ძინავთ. თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი ბავშვი ისე გაახვიოთ, რომ ფეხების და თეძოების მოძრაობა შეძლოს – ამბობს ოსტერი.

7. მშობიარობიდან რამდენ ხანში შეიძლება სექსი გქონდეთ?

არსებობს საყოველთაოდ მიღებული წესი: სექსუალური ცხოვრების დაწყება მშობიარობიდან ექვს კვირაზე ადრე არ შეიძლება და თან ექიმთან კონსულტაციაც აუცილებელია.

ამ ვადას იმდენად ხშირად ასახელებენ, რომ ჩნდება განცდა, თითქოს ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტი იყოს. არადა სინამდვილეში ემილი ოსტერის თქმით ეს მხოლოდ გამონაგონია.
არ არსებობს კონკრეტული ვადა ყველასთვის და ის მხოლოდ ინდივიდუალურია. თუ ე.წ. ჩახევები გქონდათ მშობიარობისას, რა თქმა უნდა მათ მორჩენას უნდა დაელოდოთ. ამის განსაზღვრა თქვენს ექიმს შეუძლია, თუმცა თქვენც შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, როდის როგორ გრძნობთ თავს და რისი სურვილი გაქვთ.

8. აცრა – აუცილებელია!


ბავშვის აცხრა უსაფრთხოა და დაავადებებისგან იცავს არა მხოლოდ ბავშვს, არამედ სხვებსაც. მითები აცრის საწინააღმდეგოდ მცდარია და არ უნდა აყვეთ მათ.



9. რა მოხდა ცოტას თუ იტირებს, სამაგიეროდ დამოუკიდებლად დაძინებას მიეჩვევა



ასობით კვლევის ანალიზის შედეგად ოსტერი დარწმუნებულია, რომ ბავშვის მიჩვევა დამოუკიდებლად დაიძინოს და ძილის სწორი რეჟიმი გამოიმუშაოს, ეფექტურია, აუმჯობესებს მშობლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ბავშვს არაფერს ვნებს. ასე რომ, ნუ განიცდით დანაშაულის შეგრძნებას!

10. სახლში ვიჯდეთ თუ სამსახურში გავიდეთ?

ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა დეკრეტულ შვებულებაში გავა. თუმცა, არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები იმისა, რომ დედის სახლში ჯდომა ან სამსახურში გასვლა რაიმე პირდაპირი დადებითი ან უარყოფითი შედეგის მომტანია ბავშვისთვის.



11. დედის და შვილის ურთიერთობაზე ერთად გატარებული დროის სიმცირე უარყოფითად არ მოქმედებს



მთავარი მშობლისა და შვილის ურთიერთობაში ამ ურთიერთობის ხარისხია და არა რაოდენობა. ის, რომ დედა მთელი დღე ბავშვთან ყოფნას ვერ ახერხებს, უარყოფითად არ მოქმედებს დედის და შვილის ურთიერთობაზე. მთავარია ბავშვთან სწორი ურთიერთობა და ერთად გატარებული დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება.

12. ორ წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორი სრულიად უსარგებლოა


სამაგიეროდ სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებისთვის ტელევიზორი ძალიან სასარგებლო და შემეცნებითი ფუნქციის მატარებელი შეიძლება იყოს, ამბობს ოსტერი.


ამასთან, კვლევები ადასტურებს, რომ ტელევიზორის ყურება თუნდაც სრულიად პატარა ასაკში ინტელექტის დონეზე არ მოქმედებს.ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი სარწმუნო მონაცემები იმის შესახებ, რა გავლენა აქვს ბავშვის ინტელექტზე სმარტფონების და სხვა გაჯეტების ეკრანებთან გატარებულ დროს.

13. ბავშვთან ერთად ინტერაქტიული კითხვა საუკეთესო ვარიანტია


იმის ნაცვლად, რომ ბავშვს დაუჯდეთ და წიგნი წაუკითხოთ, ეცადეთ მას კითხვები დაუსვათ, რომლებზეც ერთიტყვიანი და მარტივი პასუხის გაცემა შეუძლებელია. მაგალითად: “როგორ ფიქრობ, სად არის ახლა ამ ჩიტუნას დედა? შენი აზრით რას ფიქრობს ახლა ჩექმებიანი კატა?“. მაქსიმალურად ჩართეთ ბავშვი წიგნის კითხვის პროცესში.

Print
ბოლო სიახლეები