საახალწლო რისკები. როგორ მოვიქცეთ, რომ დღესასწაულებზე ვენების პრობლემა არ გაგვირთულდეს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვარიკოზი ცივილიზაციის დაავადებათა სიაში შეიტანა. ეს არც არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ქალების 23–33 % და კაცების 10–20% ამ დაავადებით იტანჯება და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.



ის, რომ ცხოვრების უძრავი წესი და არასწორი კვება პრობლემას აღრმავებს ყველამ იცის. თუმცა პროფილაქტიკაზე ნაკლებად თუ ზრუნავს ვინმე. სისხლძარღვები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ახალი წლის დღესასწაულების დროს ვარდება, როცა ადამიანი სრულიად მოდუნებულია, ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს – მათ შორის ძირითადად არაჯანსაღ საკვებს – და თან ალკოჰოლსაც აყოლებს. როგორ ავიცილოთ თავიდან საახალწლო პერიოდში ვენების პრობლემა.


ნეგატიური ფაქტორები

ვარიკოზული ვენების პრობლემას ორი ძირითადი მიზეზი იწვევს: მემკვიდრეობითი მიდრეკილება, ანუ გენეტიკურად განპირობებული სისხლძარღვების სისუსტე და არაკეთილსასურველი გარე ფაქტორები, რომლებიც ვენების გაგანიერების პროვოცირებას იწვევს. ეს ფაქტორები საახალწლო პერიოდში მომეტებულად გვხვდება.

ფაქტორი პირველი: ხანგრძლივი ჯდომა

საახალწლო ქეიფი და დროსტარება საქართველოში 31 დეკემბერს იწყება და დიდხანს გრძელდება – საშობაო დღეების და ძველით ახალი წლის ჩათვლით. გამოდის, რომ 31 დეკემბრიდან მოყოლებული არაერთ საათს ვატარებთ სუფრასთან მსხდომნი. ხანგრძლივი ჯდომის დროს ფეხის ვენებში სისხლის მიმოქცევა რთულდება და ვარიკოზული დაავადებების გართულების საფრთხე იზრდება.

ფაქტორი მეორე: დიდი რაოდენობით საკვების მიღება

სავსე კუჭი ინტრაპერიტონალურ წნევას ზრდის და ქვედა კიდურებიდან სისხლის მიწოდებას აუარესებს.
ფაქტორი მესამე: წონის მომატება დღესასწაულების პერიოდში
დღესასწაულების პერიოდში როგორც წესი წონაში რამდენიმე კილოგრამს ვიმატებთ. ჭარბწონიანი ადამიანებს ვარიკოზული დაავადება უფრო მეტად აწუხებთ, რადგან სისხლძარღვების შიდა წნევა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც ვენების სარქველური აპარატის არასრულფასოვან განვითარებას იწვევს.

როგორ მოვიქცეთ, რომ ვენების დაავადება არ გაგვირთულდეს:

1. ნუ გადატვირთავთ კუჭს. მიირთვით საკვები პატარა პორციებით
2. მიიღეთ ბევრი ბოჭკოვანი საკვები.
3. არ დაუშვათ კუჭში შეკრულობა. ის უკანა ტანის სისხლძარღვებში წნევის მომატებას იწვევს.
4. დასვენების დღეებში ქეიფთან ერთად ფიზიკური აქტივობისთვისაც გამონახეთ დრო. სიარული, ცურვა, მსუბუქი სირბილი თქვენს სადღესასწაულო გრაფიკს ნამდვილად არ დააზიანებს.
5. თუ ხანგრძლივი ქეიფი გელით ეცადეთ სუფრის წევრებს აქტიური გართობა შესთავაზოთ: ცეკვა, მოძრავი თამაშები, კონკურსები.

და ბოლოს: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის სადღესასწაულო დღეების შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება და ამ პერიოდში ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად შესაძლოა დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ. ამიტომ, ჯობს თავი დაზოგოთ და პრობლემები თავიდან აიცილოთ.

Print
ბოლო სიახლეები