რა ემართება სხეულს ღამით ჭამისას
21 საუკუნეში ვცდილობთ ზედმეტი წონის პრობლემას გონივრულად მივუდგეთ: ვვარჯიშობთ, ჩვეულებრივ ნახშირწყლებს ვერიდებით, ვცდილობთ ხილი და ბოსტნეული მივირთვათ, რაციონი ვაკონტროლოთ. თუმცა ისინიც კი, ვინც კვების რაციონს ყურადღებით არჩევს, პატარა სისუსტეს ვერ ერევიან. ეს არის გვიანი ვახშამი. არადა სწორედ ეს “პატარა ცოდვა“ შეიძლება გახდეს საბედისწერო. ბევრი დიეტოლოგი გვირჩევს, საღამოს ექვსი სათის მერე არაფერი ვჭამოთ. ეს წესი უნივერსალური არ არის, მაგრამ მეცნიერების მიერ მართლაც დამტკიცებულია, რომ სწორედ ღამის საათებში გადამეტებული ჭამა იწვევს წონის მნიშვნელოვან მატებას. როგორ მუშაობს თქვენი ორგანიზმი და რა მოსდის სხეულს, როცა ღამით საკვებს მიირთმევთ.

რატომ ვგრძნობთ შიმშილს განსაკუთრებით მწვავედ ღამის საათებში

დიეტაზე ყოფნისას ნებისყოფა ყველაზე ხშირად საღამოს გვიმტყუნებს ხოლმე. ამას სამი მიზეზი აქვს:
1. ფიზიოლოგიური, ანუ მარტივად რომ ვთქვათ საკვების ნაკლებობა დღის განმავლობაში.
2. ფარული შიმშილი. დაუბალანსებელი კვება დღის განმავლობაში ორგნაიზმში საკვები ნივთიერებების უკმარისობას იწვევს.
3. ფსიქოლოგიური, როცა უბრალოდ სტრესის მოსახსნელად ვჭამთ.


როგორ მოქმედებს ღამით კვება ორგანიზმზე

ღამით, როგორც წესი ადამიანს სძინავს, ამიტომაც ორგანიზმი მშვიდ რეჟიმზეა გადართული. და აი, უცებ კუჭში ხვდება მაგალითად, სტეიკი შემწვარი კარტოფილით და სალათით, თან შესაძლოა ღვინოც მიჰყვეს. პრაქტიკულად მიძინებული ნაწლავი მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს ასეთი მოცულობის საკვებს გაუმკლავდეს. საკვების სათანადოდ მონელება ვერ ხერხდება, წვრილი ნაწლავის კედლები მის შეწოვას ვერ ახერხებს, მსხვილ ნაწლავში კი პათოგენური მიკროფლორის ზემოქმედებას ექვემდებარება, რაც ტოქსინების გამოყოფას იწვევს. ორგანიზმი წვალობს და თქვენც თავს არცთუ კარგად გრძნობთ. უფრო მეტიც, ნახშირწყლოვანი პროდუქტების სიჭარბე ღამის პერიოდში დიდი რაოდენობით ინსულინის გამოყოფას იწვევს, ღვიძლში და ცხიმოვან ქსოვილებში შაქრის გადანაწილების პროცესი ირღვევა და ორგანიზმში ცხიმის დაგროვება ხდება.



როგორ არ დავუშვათ ღამით ზედმეტი საკვების მიღება

1. დაბალანსებულად იკვებეთ დღისით. დაახლოებით ხუთჯერ, მცირე ულუფებით.
2. გაამრავალფეროვნეთ რაციონი და ყურადღება მიაქციეთ მიღებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მაკრო და მიკროელემენტების რაოდენობას.
3. მოძებნეთ სტრესთან ბრძოლის ალტერნატიული ხერხები: საღამოს გასეირნება, სპორტი, იოგა, სერიალის ყურება, ინტერნეტით რამე თავშესაქცევის ნახვა და ა.შ.

რა შემთხვევაში შეიძლება ღამით ჭამა

ყველას როდი ჭირდება საღამოობით კვების მკაცრად შეზღუდვა. რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა ისრაელიდან კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ადამიანები, რომლებიც საღამოს რვა საათის შემდეგ გემრიელად ვახშმობენ, ხშირად ზედმეტ კილოგრამების უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნოყიერ ადრეულ ვახშამს მიირთმევს, თუმცა 18 საათის შემდეგ აღარ ჭამს. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი, ვინც ძილის წინ ჭამენ, როგორც წესი, მანამდე არ ვახშმობენ და დღის განმავლობაში არც ისე ბევრს ჭამენ. ანუ გვიანი ვახშმის კალორიულობა დღის რაციონის ენერგეტიკულ ღირებულებას არ აღემატება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ვახშამს ვერ ასწრებთ, შეგიძლიათ ის რამდენიმე საათით გვიან გადაწიოთ ისე, რომ ფიგურას ზიანი არ მიაყენოთ. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ძილის წინ სასარგებლოა ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ადვილად მოსანელებელ ცილებს შეიცავენ, რათა ინსულინის მერყეობა აიცილოთ თავიდან და მშვიდად დაიძინოთ.


Print
ბოლო სიახლეები