სამი ქალაქი, რომლებსაც გაზაფხულზე უნდა ესტუმრო
ზაფხულის მოსვლამდე დღეებს ვითვლით, გარდერობის განახლებაზე ვფიქრობთ და ზაფხულის შვებულებას ვგეგმავთ, თუმცა შესაძლოა სულაც არ ღირდეს ზაფხულამდე მოცდა, რადგან არის ქალაქები, სადაც სტუმრობა განსაკუთრებით გაზაფხულზეა შთამბეჭდავი.

ამსტერდამი:

გაზაფხული იაპონიაში საკურას ყვავილობის დროა. ჰოლანდიაში კი ტიტების. სწორედ ამ დროს შეგიძლიათ ნახოთ საკუთარი თვალით უკიდეგანო ტიტების მინდვრები ჰოლანდიაში. ტიტების ფესტივალი ამ ქვეყანაში ყოველ წელს ტარდება. 1–დან 30 აპრილამდე მთელ ამსტერდამში საგაზაფხულო ყვავილებისგან შექმნილი ულამაზესი კომპოზიციების ნახვა შეგიძლიათ, 23–24 აპრილს კი ყვავილების მაშტაბურ აღლუმს შეგიძლიათ დაესწროთ. თუმცა ალბათ ჯობს მაინც ჰოლანდიის სავიზიტო ბარათს – ტიტებით სავსე მინდვრებს ეწვიოთ. ევროპაში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი კეკენჰოფის სამეფო პარკია. ის 32 ჰეტარზე მეტ ტერიტორიას იკავებს, რომელზეც დაახლოებით ოთხნახევარი მილიონი ყვავილი იზრდება. ყოველწლიურად პარკს 900 ათასი ადამიანი სტუმრობს. აპრილი და მაისი ნიდერლანდებში სტუმრობისთვის საუკეთესო დროა.

ლონდონი



უმრავლესობისთვის ინგლისი წვიმასთან და ნისლთან ასოცირდება და არა ყვავილებთან და საგაზაფხულო განწყობასთან. თუმცა თუ ლონდონში გაზაფხულზე მოგიწიათ ყოფნა, ამ ქვეყანას წვიმიანს და ნაცრისფერს აღარასოდეს უწოდებთ.ნისლიანი ალბიონის ერთ–ერთი საოცრება გაზაფხულზე გაყვავებული კროკუსებია, რომლებიც თეთრ, ყვითელ, იისფერ და იასამნისფერ ყვავილებს ისხამენ და ლონდონის ყველა პარკში ყვავიან. ადგილობრივებს და ტურისტებს ამ მშვენიერი საგაზაფხულო ყვავილების სანახავად ლონდონის სამხრეთ–დასავლეთითაც უყვართ წასვლა, სადაც არომატული მინდვრები მნახველს სილამაზით თვალს ჭრიან.

ნიცა, საფრანგეთი



გაზაფხული ბუნების გაღვიძებასთან, ემოციებთან, სიყვარულთან, რომანტიკასთან და წვიმასთან ასოცირდება. ფრანგებისთვის კი გაზაფხულის სიმბოლო გოგრა გახდა. მარტის ბოლოს ნიცაში სიმიეს ბაღებში ამ ბოსტნეულისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფესტივალი ტარდება: ქალაქს მოხატული გოგრებით და გოგრისგან გაკეთებული სხვადასხვა ნაკეთობებით რთავენ. რესტორნებში კი სტუმრებს გემრიელი კერძებით უმასპინძლდებიან. ზეიმის პერიოდში ყველგან გოგრის გამოსახულებას შეხვდებით, ქალაქის ყოველ კუთხეში კი ტრადიციული პროვანსული ორკესტრის ხმას გაიგონებთ. აუცილებლად უნდა ნახოთ ყვავილების ბაზარი კურ–სოლეის მოედანზე, გაისეირნოთ ინგლისურ პრომენადზე, დატკბეთ ზღვის ჰაერით. ნიცა გაზაფხულზე მართლაც საოცარია.

Print
ბოლო სიახლეები