საშიში რუჯი.მსოფლიოში სოლარიუმის მოხმარება მცირდება
ზაფხულის დადგომასთან ერთად სოლარიუმის აქტუალობა არათუ იკლებს, არამედ იმატებს კიდეც. პლაჟზე ან აუზზე გამოჩენამდე ბევრი ამჯობინებს ოდნავ გაირუჯოს სოლარიუმში, რათა ე.წ. “პირველადი სითეთრე“ დაფაროს. სოლარიუმი ალტერნატივაა მათთვისაც, ვინც ზღვაზე და აუზზე წასვლას ვერ ახერხებს, თუმცა უნდა ზაფხულში რუჯი ქონდეს.

საქართველოში სოლარიუმი პოპულარულია იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში მისი მოხმარება მცირდება და მედიკოსებს სულ უფრო მეტი არგუმენტები აქვთ სოლარიუმის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სოლარიუმების გამოყენება ბოლო წლების მანძილზე მესამედით შემცირდა. ამას მოწმობს არაერთი ფართომაშტაბიანი კვლევის მონაცემები.

თუ 2010 წელს სოლარიუმი დაახლოებით 11.7 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა, 2015-ში მათი რიცხვი 7.8 მილიონამდე შემცირდა. მკვლევარები შედეგს რამდენიმე ფაქტორით ხსნიან, მათ შორის ასახელებენ: სოლარიუმის ხმარების რისკების შესახებ მიღებულ განათლებას; 2010 წელს სოლარიუმის ბიზნესებისთვის შემოღებულ 10%-იან საგადასახადო დანამატს; შტატების დონეზე დამტკიცებულ რეგულაციებს, რომლებიც 17, ან 18 წლამდე მოზარდების სოლარიუმებში შეშვებას კრძალავს და უსაფრთხოების ახალ რეგულაციებს, რომელიც შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დააწესა.

მომხმარებელთა თითქმის 30-პროცენტიანი კლება იმის ნიშანია, რომ თანდათან უფრო მეტი ადამიანი იღებს და იგებს გზავნილს სოლარიუმების მავნებლობის და იმის შესახებ, რომ “გარუჯული კანი დაზიანებული კანია” . მედიკოსების და ექსპერტების აზრით, სოლარიუმის ხმარება აძლიერებს კანის რამდენიმე სახის კიბოს რისკს, მათ შორის მელანომას რისკსაც, ასევე - კატარაქტების და თვალის სხვადასხვა ტიპის კიბოს რისკს. მათ, ვინც თვლის, რომ გარუჯული უფრო ლამაზად გამოიყურება და ამიტომ თავის დანებება უჭირს, მეცნიერები ახსენებენ, რომ გარუჯვა კანის ნაადრევ დაბერებას, დანაოჭებას და კანის ლაქებსაც იწვევს.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, გარუჯვა განსაკუთრებით მავნებელია ახალგაზრდებისთვის. სულ ცოტა, რამდენიმე ათეული კვლევით დასტურდება, რომ სოლარიუმის გამოყენება 30 წლამდე ახალგაზრდებში მელანომას რისკს 74 პროცენტით ზრდის. სოლარიუმები თანდათან უფრო ხშირად მოიხსენიება კიბოს გამომწვევ ისეთ მიზეზებს შორის, როგორიცაა კარგად ცნობილი თამბაქო, ჰეპატიტი, თუ გარემოს დაბინძურება.

სოლარიუმები აკრძალულია ბრაზილიაში და ავსტრალიაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგ შტატში 18 წლამდე, ზოგან კი 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოლარიუმში შესვლა არალეგალურია და ფულად ჯარიმას, ან უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს. 18 წლამდე აკრძალვა შემოიღეს ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის: დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ფინეთში.

კონკრეტულად რა რისკებს შეიცავს სოლარიუმის გამოყენება:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ამერიკის ჯანდაცვის დეპარტამენტი მზისგან და სოლარიუმებში მიღებულ ულტრაიისფერ გამოსხივებას კანცეროგენად (კიბოს გამომწვევად) აცხადებს

სოლარიუმის 35 წლამდე ასაკში გამოყენება, მელანომას რისკს 59 პროცენტით ზრდის. რისკი სალონის თითოეული გამოყენებით კიდევ უფრო იზრდება. 30 წლამდე ასაკში რისკი მათთან შედარებით, ვინც სოლარიუმში არ დადის, 6-ჯერ მეტია. დამწვრობის გარეშე გარუჯვა რისკს არ ამცირებს.

კვლევებით დასტურდება, რომ სოლარიუმი ასევე აზიანებს კანის დნმ-ს; იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას; თვალის დაზიანებას; კანის ნაადრევ დაბერებას

ყოველწლიურად, სოლარიუმს უკავშირებენ კანის კიბოს 400 ათასამდე შემთხვევას ამერიკაში. მამაკაცებთან შედარებით, ახალგაზრდა ქალებში მელანომას შემთხვევების სიხშირეც, ნაწილობრივ სოლარიუმში სიარულით აიხსნება

ამერიკის დერმატოლოგიის აკადემია სოლარიუმის წინააღმდეგია და არასამედიცინო დანადგარების წარმოების, გაყიდვის და გამოყენების საერთოდ აკრძალვას ითხოვს
Print
ბოლო სიახლეები