როგორ მოვემზადოთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრებისთვის
როცა ორ ადამიანს ერთად ყოფნა უნდა, თითქოს სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. თუმცა ხანდახან მეორე და მეათეხარისხოვანი წვრილმანები საქმეს აფუჭებს. ამიტომაც სანამ საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, ბევრი რამ უნდა გაიაზროთ.


შეარჩიეთ იდეალური ბინა


თუ გადაწყვიტეთ პარტნიორთან ერთობლივი ცხოვრება დაიწყოთ მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ მიზნისთვის არც თქვენი და არც მისი ბინა არ გამოდგება (მაგალითად იქ მშობლები ცხოვრობენ, ან სამსახურამდე ძალიან შორია), ახალი ბინის შერჩევა მოგიწევთ. ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ. სწორი ადგილმდებარეობის შერჩევის გარდა ბინის პროექტსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაძლოა ის ერთოთახიანი იყოს, რაც ორი ადამიანისთვის საკმარისია, მაგრამ თავიდანვე უნდა გათვალოთ სად იქნება თქვენი “კუთხე“ და სად მისი. ასეთი განაწილების გარეშე ერთობლივი ცხოვრება შესაძლოა ჯოჯოხეთად იქცეს.





სწორად მოაწყვეთ ბინა


თუ ბინაში წინასწარ არ არის განსაზღვრული რამდენიმე “ზონა“ , ეს თავად გააკეთეთ. მაგალითად, მოილაპარაკეთ, რომ სამზარეულოში ნოუთბუქით თქვენი პარტიორი იმუშავებს, ოთახში კი თქვენ, ან პირიქით. ასევე მოიპალარაკეთ ვინ რომელ თაროს, საკიდს თუ უჯრას გამოიყენებს. ჯობს თითოეულს საკუთარი ტერიტორია ქონდეს, რომელსაც ისე მოაწყობს როგორც სურს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გადასვლის მომენტში ორივეს აუცილებელი ნივთების მინიმუმი თან ჰქონდეს. უცნაურია, მაგრამ ბევრი არ ფიქრობს პირსახოცებზე, ჩუსტებზე და სხვა ყოფით წვრილმანებზე, რაც ყოველდღიურად გვჭირდება. საბოლოოდ ყველაფრის ყიდვა გიწევთ, რამაც შეიძლება ერთობლივი ცხოვრების პირველი კვირები ჩაგიშხამოთ და საბოლოოდ ურთიერთობებზეც აისახოს.




გაინაწილეთ მოვალეობები


ის დრო, როცა სახლის საქმეებით მხოლოდ ქალი იყო დაკავებული წარსულს ჩაბარდა, თუმცა ამით ყველა პრობლემა არ მოგვარებულა.  საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, პროდუქტების შეძენა, კომუნალური დავალიანებების გადახდა, სახლში ყოფითი პრობლემების მოგვარება დიდ დროს და ენერგიას ითხოვს და ერთი ადამიანისთვის მათი მოგვარება ძნელია. ამიტომაც ჯობს ვალდებულებები განაწილდეს: მაგალითად, თუ ერთი საჭმელს ამზადებს, მეორემ სახლი დაალაგოს. მაგალითად, თუ თქვენი პარტნიორი პროდუქტებს ყიდულობს, თქვენ შეგიძლიათ გამოთავისუფლებული დრო სხვა რამეს დაუთმოთ. თუ ერთობლივი ბიუჯეტი გაქვთ, ასეთი გააწილება მითუმეტეს სასურველია.



სწორად გაანაწილეთ თქვენი დრო


ყველაფერს ობიექტურად უნდა მიუდგეთ – მათ შორის თქვენს მთავარ რესურსს, ანუ დროს. თუ ხვდებით, რომ ობიექტურად ვერ ასწრებთ ყოველდღიურად სახლის დალაგებას და საჭმლის კეთებას, ნერვებს ნუ მოიშლით. მოელაპარაკეთ პარტნიორს, რომ ერთდროულად დაალაგებთ სახლს გარკვეული გრაფიკით და მაგალითად, კვირაში რამდენჯერმე სახლის გარეთ ივახშმებთ, ან მზა საჭმელს გამოიძახებთ. ყოფითი საქმეების გამო კარიერაზე, დამატებით განათლების მიღებაზე ან დროსტარებაზე (რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში) უარის თქმა არასწორია. ცხოვრებამ, მათ შორის პარტნიორთან ცხოვრებამაც არა მხოლოდ ვალდებულებები, არამედ სიხარულიც უნდა მოგიტანოთ. სამწუხაროდ ეს ხშირად ავიწყდებათ.


განიხილეთ “დასაშვების ზღვარი“


ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს პირად კომფორტზე: მაგალითად, ვიღაცას სახლში შიშველი სიარული უყვარს, ვიღაცას არ შეუძლია სხვა ადამიანის თანდასწრებით ბანაობა, თუნდაც ეს საყვარელი ადამიანი იყოს. ეს ყველაფერი ერთობლივი ცხოვრებისას მშვიდად გაარკვიეთ. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ, ნერვები არ აიშალოთ და ზედმეტი პრობლემები არ შეიქმნათ. პარტნიორთან კონკრეტული სიტუაციები განიხილეთ და ეცადეთ კომპრომისს მიაღწიოთ. ეს კარგი ტესტია ზოგადად ურთიერთობებისთვის. თუ რაღაც მომენტში ხვდებით, რომ თქვენი რჩეული ერთი ნაბიჯითაც არ იხევს უკან და არ სურს თუნდაც მცირედი დათმოს თქვენი კომფორტისთვის, დაფიქრდით, ღირს თუ არა ამ ადამიანთან დაკავშირებული მომავლის დაგეგმვა.






განსაზღვრეთ ერთობლივი ცხოვრების მიზანი


ეს პუნქტი ბოლოსკენ შემთხვევით არ მოხვედრილა. მხოლოდ გარკვეული დროის ერთად გატარების და ერთ ბინაში ცხოვრების შემდეგ მიხვდებით, შეგეფერებათ თუ არა პარტნიორი. მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გაგების, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში მისი გამოცდის შემდეგ ადრე თუ გვიან ზუსტად მიხვდებით, ხართ თუ არა კარგი წყვილი. მას შემდეგ, რაც ამას გაარკვევთ კითხეთ საკუთარ თავს – რა გინდათ ამ ადამიანისგან? ხანმოკლე ურთიერთობა, მყარი ოჯახი, შემოქმედებითი ტანდემი თუ რამე სხვა. პასუხი შეიძლება ნებისმიერი იყოს, თუმცა მთავარია გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოთ, რათა შემდეგ არ ინანოთ ტყუილად დაკარგული დროის გამო.




და ბოლოს


რა თქმა უნდა, ერთობლივი ცხოვრების დაწყება ყოველთვის სასიხარულო მოვლენაა, თუმცა მზად უნდა იყოთ სხვადასხვა მოულოდნელი და ფორს–მაჟორული სიტუაციებისთვის. პარტნიორმა შესაძლოა ყოველთვის ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი, ან ხანდახან უცნაურადაც მოგეჩვენოთ. თუმცა ხელს ნუ ჩაიქნევთ. პირველ ეტაპზე შეიძლება ყველაფერი არ აეწყოს, მაგრამ თანდათანობით კარგად შეეწყოთ ერთმანეთს . თუმცა პირიქითაც ხდება.




Print
ბოლო სიახლეები