მარტოობის უპირატესობები
მამაკაცის გარეშე ცხოვრება სულაც არ არის “უბედურება“

თუ საყვარელ ადამიანს ახლახანს დაშორდით, ან თუ ჯერ არ გიპოვნიათ “ის ერთადერთი“, გულს ნუ გაიტეხთ. მარტოობას ბევრი უპირატესობა აქვს.



ყოველი ქალი მარტოობას სხვადასხვაგვარად განიცდის. ზოგი რამდენიმე წარუმატებელი რომანის შემდეგ თავს მთლიანად კარიერას უძღვნის და ცხოვრების უსამართლობაზე ხანდახან, ჭიქა ღვინის დალევის შემდეგ დაქალებს თუ შესჩივლებს. ზოგი დეპრესიაში ვარდება და აღარ ჯერა, რომ დედამიწაზე ღირსეული კაცები არსებობენ. ზოგი კი სერიალ “სექსი დიდ ქალაქში“ გმირების მსგავსად, მარტოობის ყველა სიკეთით ტკბება.

წარმოგიდგენთ ცხრა უპირატესობას, რომელიც მარტო ცხოვრებას აქვს. კიდევ ბევრი რამ შეიძლებოდა გვეთქვა, მაგრამ ეს ჩამონათვალიც დაგარწმუნებთ, რომ მამაკაცის გარეშე ცხოვრება ქალისთვის სულაც არ ნიშნავს უბედურებას.


მეტი დრო გაქვთ, რომ იდეალურ ქალად იქცეთ

თითქოს კომიკურად ჟღერს, მაგრამ ასე არ არის. მარტოობა გეხმარებათ საკუთარ თავს სხვა კუთხით შეხედოთ, ყველა პლიუსი და მინუსი დაინახოთ, აწონ–დაწონოთ და კონტროლს დაუქვემდებაროთ. გარდა ამისა, გაქვთ დრო არა მხოლოდ შინაგან პრობლემებს მიხედოთ, არამედ გარეგნობასაც მეტი დრო დაუთმოთ. უბრალოდ შეხედეთ საკუთარ თავს სარკეში და დაფიქრდით: რისი შეცვლა გინდოდათ დიდი ხნის მანძილზე, თუმცა ამისთვის დრო და ენერგია არ გქონდათ. ახლა კი შეგიძლიათ კომპლექსებისგან გათავისუფლდეთ, გარეგნობას მეტი დრო დაუთმოთ, სხეული დახვეწოთ და გარდერობიც განაახლოთ. ყოველთვის გახსოვდეთ: თუ საკუთარი თავი მოგწონთ, გარშემომყოფებსაც მოეწონებით.




გადაწყვეტილებების მიღებისას თავისუფალი ხართ

ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და სადაც გინდათ იქ გაფრინდეთ, ისე რომ არავის ჩააბაროთ ანგარიში. შეგიძლიათ მაგალითად ტანგოს შემსწავლელ გაკვეთილებზე იაროთ და თავი არავისთან იმართლოთ იმის გამო, რომ სიმპათიური პარტნიორი გყავთ. იყიდოთ კაბა, რომელიც შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ, მაგრამ სამაგიეროდ თავი წვეულების დედოფლად იგრძნოთ. აღარაფერს ვამბობთ იმ სიამოვნებაზე, როცა თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელი გზით ატაროთ მანქანა, როგორ აუაროთ გვერდი საცობებს ან რა ფრად შეღებოთ კორიდორის კედლები.


თავად ხართ საკუთარი თავის ბატონ–პატრონი

არ გჭირდებათ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დრო გაატაროთ უცნობ ადამიანებთან, ან უბრალოდ იმათთან, ვინც არ მოგწონთ. მსხვერპლად გაიღოთ დასვენების დღეები მის მშობლებთან ვახშმის გამო. შეგიძლიათ უყუროთ საყვარელ ფილმს ახლავე და არ ელოდოთ, სანამ ფეხბურთის მატჩი დამთავრდება, რომელიც “თვეში ერთხელ არის“, მაგრამ სინამდვილეში ლამის ყოველ მეორე დღეს.




შეგიძლიათ იფლირტაოთ და ურთიერთობები გაგაბათ

არ აქვს მნიშვნელობა, შემთხვევითი ნაცნობობა იქნება, მეგობრების წრეში გაცნობა თუ საქმიან გარემოში, თქვენ თავისუფალი ხართ ახალი ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ მამაკაცების ყურადღება თავისუფლად მიიღოთ და დატკბეთ ამით. უწყინარი ფლირტი ხანდახან ცხოვრებას ახალისებს. ფლირტის გაგრძელება შესაძლოა სულაც არ იყოს “იმ ერთადერთის“ პოვნა, მაგრამ შეიძლება კარგი მეგობარი, ანუ ბრალოდ საინტერესო თანამოსაუბრე შეიძინოთ.


შეგიძლიათ ისე გამოიყურებოდეთ, როგორც გინდათ

ბევრი მამაკაცი თვლის, რომ უფლება აქვს საყვარელ ქალს მიუთითოს, რა უხდება და რა არა, თუნდაც ეს სულაც არ ემთხვეოდეს თქვენს გემოვნებას. მაგრამ ხშირად ქალები მეორე ნახევრის გემოვნებას ემორჩილებიან და იმას იცვამენ, რაც თავად სინამდვილეში სულაც არ მოსწონთ.


შეგიძლიათ იმოგზაუროთ

დიდი ხანია ინდოეთში მოგზაურობაზე ოცნებობთ, თუმცა არც გიფიქრიათ, იმიტომ რომ თქვენს მამაკაცს ეს ქვეყანა არ მოსწონს (მიუხედავად იმისა, რომ იქ არ ყოფილა). ახლა შეგიძლიათ ნებისმიერ კონტინენტზე გაემგზავროთ და მხოლოდ საკუთარ სურვილებს და დროის ლიმიტს გაუწიოთ ანგარიში.


თავად განკარგავთ საკუთარ დროს

მაღვიძარაზე დაყენებულ დროზე ადრე არ გიწევთ ადგომა იმის გამო, რომ ის მეტისმეტად ხმაურიანად დგება და ემზადება სამსახურში წასასვლელად. არ გიწევთ თავის მართლება იმის გამო, რომ სახლში გვიან ბრუნდებით ან დაქალებთან ერთად სადმე კაფეში გინდათ საღამოს გატარება. შეგიძლიათ მთელი საღამო საყვარელი წიგნის კითხვას დაუთმოთ ან სპორტდარბაზში წახვიდეთ. არც ვახშამი მოამზადოთ და მაცივარში მომარაგებული მსუბუქი საკვები იკმაროთ.


შეგიძლიათ ძლიერ პიროვნებად ჩამოალიბდეთ

ბევრი თვლის, რომ ქალები ისედაც ბევრს იღებენ საკუთარ თავზე ამიტომაც მამაკაცთან ურთიერთობებს იმისთვის ელტვიან, რომ “ძლიერი ზურგი ჰყავდეთ“ და თავად მოდუნდნენ. მარტოობა ცხოვრებისა და საკუთარი თავის ობიექტური ხედვისკენ გვიბიძგებს. სწორედ თავისუფლების ატმოსფეროში ვითარდება ადამიანი უფრო სწრაფად. იზრდება და ზუსტად ხვდება, როგორი ადამიანი უნდა იყოს მის გვერდით. როცა საკუთარ თავში დარწმუნებული და ძლიერი ხარ, შემდგომ ურთიერთობებსაც ისე ააწყობ, როგორც შენთვის არის მისაღები და კომფორტული.


შეგიძლიათ ახლიდან აღმოაჩინოთ სამყარო

ხანგრძლივი ურთიერთობების დროს არა მხოლოდ პარტნიორის თვისებებს ვიძენთ, არამედ მის ცხოვრებისეულ შეხედულებებსაც თანდათანობით და შეუმჩნევლად ვიზიარებთ. ერთხელაც შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ჩვენს აზრს და შეხედულებებს ეწინააღმდეგება. როგორც ირკვევა, იმდენად ხშირად გარწმუნებდნენ საწინააღმდეგოში, რომ ბოლოს საერთოდ დაგავიწყდათ რა გსურთ პირადად თქვენ და რა აზრის ხართ სინამდვილეში. ასე რომ, გილოცავთ, ახლა შეგიძლიათ საკუთარი თავი ახლიდან გაიცნოთ და სამაროს ახალი თვალით შეხედოთ.

Print
ბოლო სიახლეები