დედამიწაზე ასტეროიდის დაცემის შედეგად წარმოქმნილი უძველესი კრატერი ავსტრალიაში აღმოჩნდა
დედამიწაზე უძველესი ასტეროიდის კრატერი ავსტრალიაში მდებარეობს, მეტეორი კი, რომელმაც ეს კრატერი წარმოქმნა შესაძლოა ყინულოვანი პერიოდის დასრულების მიზეზი გამხდარიყო. ამ დასკვნამდე ავსტრალიელი მეცნიერები მივიდნენ.

კრატერი იარაბუბა, რომელიც დიამეტრით დაახლოებით70 კილომეტრია, დიდი ხანია ცნობილია. ის 1979 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე მეცნიერები მისი ასაკის დადგენას ცდილობდნენ.

ქვებში შემორჩენილი მინერალების– მონაციტის და ცირკონის რადიომეტრიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კრატერის ასაკი დაახლოებით 2.2 მილიარდი წელია.

დღეს კრატერი თითქმის უხილავია მილიონობით წლიანი ეროზიის შედეგად. ამიტომაც ტესტირების წინ მეცნიერებმა დედამიწაზე არსებული კვალის მიხედვით დარტყმის ზონა აღადგინეს.
კერტინის უნივერსიტეტის პროფესორი, კრიკ კირკლენდი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა ყვება, რომ მეტეორის შეჯახების შემდეგ ამ კრისტალებმა წარმოქმნეს სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება ისევე წაიკითხო, როგორც წლების აღმნიშვნელი რკალები ხეებზე.

ცირკონი და მონაციტი ურანის ნაწილაკებს შეიცავენ. ურანის დაშლის ხარისხით შესაძლებელია მინერალების ასაკის დადგენა.

მეცნიერების აზრით კრატერი იარაბუბა მინიმუმ 200 მილიონი წლით უფრო ხანდაზმულია, ვიდრე აქამდე დედამიწაზე ყველაზე ხანდაზმულად მიჩნეული კრატერი ვრედეფორტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ეს აღმოჩენა თავად მეცნიერებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.


კრატერის ასაკის შესახებ ახალი მონაცემებით მეცნიერები მის წარმოქმნას დედამიწაზე ერთ–ერთი ყინულოვანი პერიოდის დასრულებას უკავშირებენ. დაახლოებით 2.2 მილიარდი წლის წინ პლანეტა მეცნიერების ვარაუდით ყინულით იყო დაფარული. პროფესორ კირკლენდის თქმით კრატერის ასაკი საკმაოდ ზუსტად შეესაბამება ყინულოვანი პერიოდის დასასრულს.

ამგვარად, მეცნიერის აზრით შესაძლოა პლანეტაზე კლიმატის შეცვლაზე სწორედ მეტეორის ჩამოვარდნამ მოახდინა სერიოზული გავლენა.

ასტეროდის დარტყმის მოდელირების შედეგად მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი კავშირი შესაძლებელია. ერთი კილომეტრის სისქის ყინულზე ასტეროიდის დაცემის შედეგად სავარაუდოდ ორთქლის უზარმაზარი მასა წარმოიქმნა, რამაც სათბურის ეფექტი გამოიწვია, რასაც საბოლოოდ პლანეტაზე დათბობა მოჰყვა.

თუმცა ყინულოვანი პერიოდის დასრულების შესახებ საბოლოო თეორია ჯერჯერობით დადასტურებული არ არის და მეცნიერების მიერ შექმნილი მოდელი მხოლოდ თეორიულია. არსებობს კიდევ ერთი თეორია დედამიწაზე ყინულოვანი პერიოდის დასრულების შესახებ, რომლის მიხედვით ამის მიზეზი ატმოსფეროში ვულკანების მიერ ამოფრქვეული ნახშირმჟავა გაზების მოხვედრა გახდა.



Print
ბოლო სიახლეები