“თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს“ ვახტანგ კიკაბიძე საყვარელი მეგობრის გარდაცვალებაზე და მათ მეგობრობაზე
9 აპრილს მოსკოვში საბჭოთა და რუსული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი გიორგი დანელი დაკრძალეს. მის დაკრძალვას არ დასწრებია მისი უახლოესი მეგობარი და მის ოთხ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ის რუსეთში 2008 წლის რუსეთ–საქარველოს ომის შემდეგ არ ჩადის და არც კონცერტებს მართავს.

ვახტანგ კიკაბიძემ მისი საყვარელი მეგობარი ბიბისისთან საუბარში გაიხსენა –   მათი ერთობლივი მუშაობა ლეგენდარულ ფილმებზე და მეგობრობა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეს გრძელდებოდა. ბიბისის კორესპოდენტმა კიკაბიძე რეჟისორის დაკრძალვის წინა დღეს ჩაწერა.

“გია წავიდა... თითქოს მარჯვენა ხელი მომაჭრეს. ძალიან მიჭირს ლაპარაკი. მისი დავიწყება ძალიან ძნელი იქნება. 45 წელი ახლო მეგობრები ვიყავით.
ოჯახის წევრებმა იცოდნენ, მე არაფერი არ ვიცოდი (გიორგი დანელიას სიკვდილი) და არ მეუბნებოდნენ. მე კლინიკაში ვიწექი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. მოსკოვიდან დამირეკეს და მკითხეს, ჩავიდოდი თუ არა დაკრძალვაზე.

დაკრძალვაზე ჩასვლა არ შემიძლია. ჯერ ერთი, ჯანმრთელობა და მეორე – ვიზები. რუსეთის ვიზის თხოვნას არ ვაპირებ. უკვე მეათე წელია რუსეთში არ დავდივარ.  გიას სიკვდილი რომ გავიგე მთელი ღამე არ მძინებია. კინემატოგრაფმა დიდი დარტყმა მიიღო, არსებიბით. იმიტომ რომ დანელია გენიალური რეჟისორი იყო, მსოფლიო კლასის.

მე რომ კინოს მსახიობი გავხდი, დანელიას ბრალია. მე ქუჩაში გავიზარდე. როგორც ჩანს ღმერთმა გადაწყვიტა ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა და მასთან შევეხვედრებინე.ვიცი, რომ კინოში მსახიობის ნამუშევარი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ყველას ვეუბნები რომ მთავარი რეჟისორია. არიან რეჟისორები, რომლებიც კინოს მაყურებლისთვის კი არა საკუთარი თავისთვის აკეთებენ. ტარკოვსკი იყო ასეთი. გია კი თავისთვისაც აკეთებდა და სხვისთვისაც. “მიმინო“ ისე გადაიღო, რომ ყველა მაყურებელს ვინც ამ ფილმს უყურებდა თავი ფილმის გმირებად წარმოედგინა.

ოთხ ფილმზე ვიმუშავე მასთან ერთად და ნასწავლი ტექსტით არასდროს მივსულვარ. კინოში ასე არ ხდება. მსახიობმა ტექსტი ზეპირად უნდა იცოდეს. ჩვენ კიდევ ვსხდებოდით და ყველაფერს ახლიდან ვწერდით. რაღაც სიუჟეტები იცვლებოდა. ვგიჟდებოდი იმპროვიზაციაზე.

როცა გადაღებას ამზადებდა, სახლში ყველა კადრს ხატავდა, ახლა სამწუხაროდ რეჟისორები ასე არ მუშაობენ. გადაღების დაწყებამდე უკვე ზუსტად იცოდი მთელი განლაგება. მერე მთელ ჯგუფს კრებდა და ყველა განიხილავდა როგორ უნდა გადაეღოთ. ყველა რაღაცას სავაზობდა. ყველას უსმენდა და საუკეთესოს ირჩევდა. აი ასეთი იყო – უმსუბუქესი ადამიანი.

კოლოსალური იუმორი ქონდა. ცხოვრებაში რაღაცეებს ერთნაირად ვუყურებდით და ამას მაშინვე მივხვდით.

ძალიან ხშირად გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ როცა ომი დაიწყო, რუსეთში აღარ დავდიოდი. ეს თემა დავხურე. ის რუსეთის მოქალაქე იყო, კინოთი ცხოვრობდა. რამდენადაც ვიცი მას აქ, საქართველოში არავინ არ ეძახდა ფილმების გადასაღებას. ჩემი აზრით, ყველა ქართველმა არ იცის როგორი ქართველი გვყავდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. მასზე ლოცულობდნენ. ეს იყო უნიკალური რეჟისორი.

ერთმანეთს ვურეკავდით ხოლმე. მერე უკვე, როცა ჯანმრთელობა ძალიან შეერყა მითხრა: “ბუბა, ალბათ მალე წავალ. მე ხომ შენზე უფროსი ვარ, შენზე ადრე უნდა წავიდე. როცა შენც წამოხვალ, ჭიშკარში შემოსვლისას წმინდა პეტრეს მხარეს წამოდი, მარჯვენა მხრიდან დაგელოდები.

ძალიან ცოტა მეგობარი დამრჩა – თითებზე ჩამოსათვლელი , უკვე ისეთ ასაკში ვარ. ბევრი უკვე იქით წავიდა. ალბათ ოდესმე იქ შევიკრიბებით. ადამიანმა დაბადებით ღმერთისგან საჩუქარი მიიღო და ლამაზად უნდა წავიდეს. გია ძალიან იტანჯებოდა. ასე არ უნდა ეავადმყოფა. სხვანაირად უნდა ყოფილიყო.“– ამბობს კიკაბიძე.

ვახტანგ კიკაბიძემ მეგობარს გამოსათხოვარი წერილი გაუგზავნა, რომელიც მოსკოვში, კინოს სახლში გამართულ გამოსამშვიდობებელ ცერემონიალზე ფოტოგრაფმა იური როსტმა წაიკითხა:

“გია, მადლობა შენ ჩვენი 50 წლიანი მეგობრობისთვის. იმ ბედნიერებისთვის, რომელიც შენ მაჩუქე, როცა შენი შესანიშნავი ფილმების გმირად ამირჩიე“– ნათქვამია წერილში.


Print
ბოლო სიახლეები