ქალი, რომელმაც ლატარიაში 590 მილიონი მოიგო შვილს უჩივის
90 წლის ამერიკელმა ქალმა, გლორია მაკენზიმ შვილს და მის თანაშემწეებს სასამართლოში უჩივლა იმ მოტივით, რომ ისინი არაგონივრულად განკარგავენ მის ქონებას. ფლორიდის მცხოვრებმა ქალმა 2013 წელს ლატარიაში უზარმაზარი თანხა – 590 მილიონი დოლარი მოიგო.

გლორია მაკენზი აშშს ისტორიაში Powerball–ის ლატარიის ყველაზე იღბლიანი გამარჯვებული გახდა. გადასახადების გამოკლების შემდეგ მაკკენზის 278 მილიონი დოლარი დარჩა.

ქალი ამტკიცებს, რომ მისი ფული არასწორად და უტვინოდ განკარგეს და წარუმატებელ პროექტებში დააბანდეს, რის შედეგადაც მილიონობით დოლარი დაკარგა.

მისი შვილი, 60 წლის სკოტ მაკენზი თვლის, რომ საჩივარი უსაფუძვლოა.

როცა გლორია მაკენზიმ 2013 წელს ლატარიის ჯეკპოტი მოიგო,  84 წლის იყო. მისი თქმით, მოგების ნახევარი შვილს მისცა, რომელმაც პირობა დადო, რომ მას ცხოვრების ბოლომდე მიხედავდა და მოუვლიდა.ვინაიდან ქალს მსხვილი თანხების განკარგვის გამოცდილება არ ქონდა, მან შვილს თავისი წილის განკარგვაც ანდო.

საჩივარში ნათქვამია რომ შვილის და მისი ფინანსური მრჩევლების მიერ განხორციელებული წამგებიანი ინვესტიციები გლორიას ათეულობით მილიონ დოლარად დაუჯდა და გონივრული მართვის შემთხვევაში ინვესტიციებით ბევრად დიდ მოგებას მიიღებდა.

სკოტი კი თვლის, რომ დედის ბრალდებები უსაფუძვლოა და მან დედას საინვესტიციო კონსულტანტი თავად წარუდგინა, რომელმაც მისი ფული ნაკლებ სარისკო და ნაკლებად მომგებიან ბიზნესში სწორედაც რომ ქალის მიერ შერჩეული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად დააბანდა და მისი სიმდიდრე შეინარჩუნა.

ამასთან, უცნობია ამჟამად რამდენ თანხას ფლობს გლორია მაკენზი. გასულ წლებში მან არაერთი ძვირადღირებული შენაძენი გააკეთა. მოგებისთანავე ხანდაზმულმა ქალმა ქალაქგარეთ მდიდრულ უბანში სახლი იყიდა დაახლოებით 600 კვ. მ. ფართობით და ხუთი საძინებლით, რაც დაახლოებით 1.2 მილიონი დოლარი დაუჯდა. 2 მილიონი დოლარი შესწირა მენის შტატში საკუთარი სკოლის სახურავის რემონტს.

Print
ბოლო სიახლეები