ფულადი ჯილდო ამოუცნობი წარწერის გაშიფვრისთვის. ბრეტანში კონკურსი გამოცხადდა
საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში პლუგასტელის კომუნის ადმინისტრაცია ორიათასი ევროს ოდენობის ჯილდოს სთავაზობს მას, ვინც შეძლებს კომუნის სიახლოვეს ნაპოვნ ქვაზე არსებული წარწერის გაშიფვრას.

ქვა 20 სტრიქონიანი წარწერით რამდენიმე წლის წინ კომუნის სიახლოვეს პლაჟზე აღმოაჩინეს. წარწერა სავარაუდოდ 230 წლის წინანდელია.

ქვაზე ამოტვიფრული ასოების უმრავლესობა ლათინურია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამობრუნებულია. გარდა ამისა, გვხვდება სიმბოლოები, რომლებიც ძალიან გავს სკანდინავიურ რუნებს.

ქვაზე გარკვევით ორი თარიღი 1786 და 1787. შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ წარწერა საფრანგეთის რევოლუციამდე ორი წლით ადრე გაკეთდა. იქვე ჩანს იალქენიანი ხომალდის გამოსახულება და „მანათობელი გული“ – გულის გამოსახულება ჯვრით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კათოლიკური სიმბოლოა.

თუმცა ადგილობრივი მეცნიერები ვერ ახერხებენ წარწერის შინაარსის გაშიფვრას. ზოგი თვლის, რომ ის ძველ ბრეტონულ ან ბასკების ენაზეა გაკეთებული. ზოგი კი თვლის, რომ ის გაუნათლებელმა ადამიანმა გააკეთა და აზრის ამოკითხვა ამიტომ ჭირს.ერთ–ერთი თეორიით მიხედვით წარწერა უკავშირდება სანაპიროს გასწვრივ თავდაცვითი ზღუდის მშენებლობას.



1780–იან წლებში ამ ადგილზე სიმაგრეები და საცეცხლე წერტილები იყო სანაპიროს დასაცავად. 1783 წლამდე საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთთან ომობდნენ.

ვინაიდან ადგილობრივმა მეცნიერებმა ვერაფერი გაიგეს, პლუგასტელის მერის თქმით მათ გადაწყვიტეს რომ მსოფლიოს მაშტაბით მოძებნონ ადამიანები, ვისაც შესაძლოა საჭირო ცოდნა აღმოაჩნდეს და ამიტომ გადაწყვიტეს კონკურსი გამოაცხადონ.

კონკურსს “შამპილიონის საიდუმლო პლუგასტელ–დაულასში“ ქვია. ლინგვისტი ჟან ფრანსუა შამპილიონი მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ 19–ე საუკუნეში ძველეგვიპტური იეროგლიფები გაშიფრა როზეტის ქვაზე.

ლინგვისტიკის და არქეოლოგიის მოყვარულებს მერიის ადმინისტრაციაში დარეგისტრირებას სთავაზობენ, რის შემდეგაც გაუგზავნიან წარწერის სრულ ფოტოებს. ასობით ადამიანი უკვე დაინტერესდა ამოუცნობი წარწერის გაშიფვრით. განაცხადების მიღება ნოემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომისია გამოცანის ყველაზე რეალისტურ ინტერპრეტაციას შეარჩევს.
Print
ბოლო სიახლეები