რა დაემართა მახათაზე პრემიერ ბახტაძეს. არაფხიზელი მდგომარეობა თუ ტექნიკური ხარვეზი
მახათას მთაზე ტაძრის გახსნისას პრემიერ ბახტაძის გამოსვლამ დიდი ყურადღება მიიქცია არა მისი შინაარსის, არამედ იმის გამო, რომ პრემიერს საუბრისას მეტყველების და მოძრაობების შენელება აღენიშნებოდა. ბახტაძის გამოსვლას დიდი გახილვა მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა რომ პრემიერი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ან ემოციურად მეტისმეტად გადატვირთული. ცოტა ხანში ბახტაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მისი გამოსვლის დროს აუდიო და ვიდეო გადაცემისას შეიქმნა ტექნიკური პრობლემა. მან  ქართველებს ანდრია მოციქულის დღე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე და მახათას ტაძრის გახსნა ერთად კიდევ ერთხელ მიულოცა.

მალევე განცხადება გაავრცელა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველმა არხმა და პრემიერ ბახტაძის უცნაური მეტყველება და მანერები ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა:

“12 მაისს, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გახსნისას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლის დროს, ხალხმრავლობის გამო, ფიზიკური კონტაქტის შედეგად დაზიანდა აუდიო-ვიდეო კაბელი, რის გამოც ტრანსლაციის დროს მოხდა ტექნიკური ხარვეზი.

ტექნიკური წუნის გამო საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ბოდიშს უხდის.“–ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

თუმცა საზოგადოების ნაწილს ტექნიკური მიზეზის არ სჯერა და სოციალურ ქსელებში ბაქრაძის არაფხიზელ მდგომარეობას კვლავ სარწმუნო ვერსიად განიხილავენ.


Print
ბოლო სიახლეები