კომპანია Bayer–მა 2 მილიარდი უნდა გადაუხადოს წყვილს, რომელიც მისი შესაწამლი პრეპარატის გამო კიბოთი დაავადდა
აშშ–ს სასამართლომ გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია Bayer–ს 2 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა ცოლ–ქმრისთვის, რომელიც ამტკიცებდა, რომ კიბოთი დაავადდა სარეველების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენების შედეგად.

კალიფორნიაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ Bayer –მა დაუდევრობა გამოავლინა და მომხმარებლები არ გააფრთხილა, რომ სარეველას საწინააღმდეგო ჰერბიციდი გლიფოსატს შეიცავდა და შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საშიში ყოფილიყო.

გერმანული კომპანია ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ შესაწამლი საშუალება Roundup, რომელსაც სარჩელი ეხებოდა, მოხმარებისას უსაფრთხოა.

ცოლ–ქმარმა, ელვა და ალბერტა პილიოდებმა სარჩელი ჰერბიციდის მწარმოებელი კომპანია Monsanto–ს წინააღმდეგ შეიტანეს და აცხადებდნენ, რომ მასთან კონტაქტის შედეგად არაჰოჯკინის ლიმფომა განუვითარდათ. გერმანულმა Bayer–მა Monsanto გასულ წელს იყიდა 63 მილიარდ დოლარად.

ეს უკვე მესამე სასამართლო გადაწყვეტილებაა სარეველების საწინააღმდეგო საშუალება Roundup-ის წინააღმდეგ, რომელიც გლიფოსატს შეიცავს. სულ აშშ–ში ასობით ანალგიური სარჩელია შეტანილი სასამართლოში.
მარტში სან ფრანცისკოს სასამრათლომ 80 მილიონის გადახდა დააკისრა კომპანიას ამერიკელი ედვინ ჰარდემანისთვის, გასული წლის აგვისტოში კი სასამართლომ კალიფორნიელი მებაღე დეუეინ ჯონსონისთვის 289 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა ამავე კომპანიას იმის გამო, რომ ორივე მოსარჩელე კიბოთი დაავადდა.

ცოლ–ქმრის ადვოკატები, რომლებმაც რეკორდული თანხა მოიგეს, სასამართლოს გადაწყვეტილებას “ისტორიულს“ უწოდებენ

“ნაფიცი მსაჯულები თავად დარწმუნდნენ, რომ კომპანიის დოკუმენტების მიხედვით Monsato-“ს არასოდეს უცდია გაერკვია, არის თუ არა უსაფრთხო მისი პრეპარატი“ – ამბობს ადვოკატი ბრენტ უიზნერი.

Bayer–ი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას გეგმავს. გერმანული კომპანიის განცხადებით ბოლო წლების კვლევებმა აჩვენა, რომ გლიფოსატი ხმარებისას უსაფრთხოა. აშშ–ში 13 400 ზე მეტი ანალოგიური საჩივარია შეტანილი ჰერბიციდის გამოყენებასა და კიბოს განვითარების სავარაუდო კავშირთან დაკავშირებით.

გლიფოსატი კომპანიამ 1970 წელს შექმნა და მას შემდეგ აშშ–სა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2015 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო და კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის სავარაუდოდ ადამიანებისთვის კანცეროგენულია. თუმცა, ამავე დროს ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტო კვლავ ამტკიცებს, რომ ფრთხილად გამოყენებისას პრეპარატი უსაფრთხოა.



Print
ბოლო სიახლეები