სიკვდილი ევერესტზე. რატომ დაიღუპა წელს ყველაზე მეტი ალპინისტი მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე
მხოლოდ ბოლო კვირას ევერესტზე ასვლის მცდელობისას 11 ადამიანი დაიღუპა. ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ბოლო ათწლეულში საშუალო წლიური მაჩვენებელი.21–ე საუკუნეში ევერესტზე ასვლისას წელიწადში საშუალოდ 6 ადამიანი იღუპებოდა.
წელს ნეპალის მთავრობამ ევერესტის დალაშქვრის რეკორდული რაოდენობის ლიცენზია გასცა. ეს ნიშნავს, რომ მწვერვალის დასაპყრობად ექსპედიციაში ალპინისტებისა და მათი თანხმლები პირების ჩათვლით დაახლოებით 600 ადამიანი გაემართა.

ფოტომ, რომელზეც ჩანს ალპინისტების რიგი ისეთ სიმაღლეზე, რომელიც სიცოცხლისთვის კრიტიკულად საშიშია მთელი მსოფლიო მოიარა.

სიკვდილიანობის ასეთ მატებას ცუდი ამინდით, ალპინისტების გამოუცდელობით, მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე მეტისმეტად დიდი რიგებით და ტურების ორგანიზატორებს შორის გაზრდილი კონკურენციით ხსნიან. სულ უფრო მეტი ტუროპერატორი სთავაზობს ალპინისტებს ტურებს იაფად, ნაკლებად კვალიფიციური მომსახურებით და სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება შესაძლებლობა  ევერესტი დალაშქროს და შესაბამისად რისკი, არასწორად დაგეგმილი ექსპედიციით სიცოცხლე დაასრულოს. 


თუმცა სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი ერთია: ჩვენი ორგანიზმი უბრალოდ არ არის მიჩვეული ასეთ პირობებში არსებობას. მწვერვალთან მიახლოებასთან ერთად სუნთქვა სულ უფრო ჭირს, ზღვის დონიდან 8000 კილომეტრის სიმაღლეზე კი “მკვდარი ზონა“ იწყება. ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაცია იმდენად ეცემა, რომ ჩვენი სხეული პირდაპირი გაგებით ნელნელა, უჯრედ–უჯრედ კვდომას იწყებს.

ჟანგბადის კატასტროფული უკმარისობა არა მხოლოდ მკვეთრად ზრდის ინსულტის და გულის შეტევის რისკს, არამედ შეგრძნებებს პრაქტიკულად აქრობს, რეაქციებს ანელებს, სიუტაციის ადეკვატურად შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანს ხელს უშლის.


რა ხდება კონკრეტულად?

ჩვენი ორგანიზმისთვის ყველაზე კომფორტული პირობები ზღვის სანაპიროზე და მთაშია, რომელიც ზღვის დონიდან არც ისე მაღლა მდებარეობს.

სიმაღლის მატებასთან ერთად წნევა მცირდება და შედეგად სუნთქვისას ფილტვებში სულ უფრო ნაკლები ჟანგბადი ხვდება. დაახლოებით 3600 მეტრის სიმაღლეზე (ეს უფრო მეტია, ვიდრე ალპიური სამთოსათხილამურო კურორტების სიმაღლე), ყოველი ჩასუნთქვა ორგანზმს მისთვის ჩვეული მოცულობის მხოლოდ 60%–ს აძლევს. იწყება ჟანგბადის შიმშილი.

თქვენ ვერ შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გიჭირთ, თუმცა მთის დაავადების პირველ ნიშნებს იგრძნობთ: სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა, გაღიზიანება.

“მკვდარ ზონაში“ ჰაერში ჟანგბადი იმდენად ცოტაა, რომ სპეციალური მოწყობილობის გარეშე სუნთქვა პრაქტიკულად შეუძლებელია. 8000 მეტრის სიმაღლეზე ოთხი ალპინისტისთვის აღებული ანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ მათ სისხლში ჟანგბადის შემადგენლობა ნორმაზე ოთხჯერ დაბალი იყო.

“ასეთი ციფრები როგორც წესი იმ პაციენტებში გვხვდება, რომლებიც სიკვდილის პირას არიან“ – ამბობს ექიმი ჯერემი უინძორი, რომელიც 2007 წელს თვითონ ავიდა ევერესტზე.

ორგანოების ჟანგბადით მომარაგების ჩვეული დონის შესანარჩუნებლად გული უფრო სწრაფად იწყებს ცემას, პულსი შეიძლება წუთში 140–მდე გაიზარდოს. ამის ხარჯზე მკვეთრად იზრდება ინფრქტის და ინსულტის რისკი.

რისკის შემცირებას ხელს უწყობს აკლიმატიზაცია. სანამ ევერესტის დასაპყრობად წავლენ, ალპინისტები ნელ–ნელა აჩვევენ ორგანიზმს მთის დაავადებას და მკვდარი ზონის ექსტრემალურ პირობებს.
პრინსტონის უნივერსიტეტის ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ზევით ასვლისას დღეში 300 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე არ უნდა ახვიდეთ. შემდეგ ერთი დღეღამე უნდა შეისვენოთ და ისე განაგრძოთ გზა შემდეგი 300 მეტრის გავლამდე.
თუმცა ექსპედიციები ევერესტზე მხოლოდ ძალიან გამოცდილ ალპინისტებზეა გათვლილი და საბაზო ბანაკიდან იწყება, რომელიც უკვე 5000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს ნებისმიერ ალპიურ პიკზე მაღლაა, მონბლანის ჩათვლით.

ჟანგბადის შიმშილის დასაკომპენსირებლად ორგანიზმი ჰემოგლობინის გაძლიერებულ გამოყოფას იწყებს. ამის გამო გულის დატვირთვა კიდევ უფრო იზრდება, ზოგ ალპინისტს კი ფილტვებში სითხე უგროვდება.

ზოგადი სისუსტისა და მომეტებული დაღლილობის გარდა ფილტვებში წყლის გამო ადამიანს ღამით სული ეხუთება, ხველის შეტევები კი იმდენად ძლიერია, რომ ნეკნები იბზარება. მოძრაობაზე ლაპარაკიც ზედმეტია – ადამიანს ჰაერი მაშინაც კი არ ყოფნის როცა გაუნძრევლად წევს.



“მკვდარ ზონაში“ ჟანგბადის კატასტროფული უკმარისობის გამო ტვინის შეშუპებაც იწყება. აზროვნება ძალიან ძნელდება, ზოგი დროებით მხედველობასაც კარგავს, ზოგს კი ე.წ. მაღალმთიანი ფსიქოზი უვითარდება. რეალობასთან კავშირს კარგავენ და ავიწყდებათ სად იმყოფებიან. ეწყებათ სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები.

თუმცა მათაც კი, ვინც მკვდარ ზონაში საღ აზრზე რჩება, ორგანიზმის ფუნქციონირების სერიოზული პრობლემა აქვთ – უძილობა, შემდეგ ძნელად გაღვიძება, კუნთების ატროფია, წონაში მკვეთრი კლება. დაღლილობა და დასუსტებული მხედველობა მთიდან ჩამოვარდნის რისკს ზრდის. აზროვნების გაძნელება კი არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას იწვევს, მაგალითად შეიძლება ალპინისტს გზა აერიოს ან დამზღვევი ტროსის მიმაგრება დაავიწყდეს, ანდა ჟანგბადი დროულად არ მოიმარაგოს.

სწორედ ამიტომ ევერესტის დამპყრობები ცდილობენ მკვდარი ზონა რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ. როგორც წესი, ბოლო შეტევა სიმაღლის დასაპყრობად ერთ დღეზეა გათვლილი. ამიტომაც უშუალოდ მწვერვალის პიკთან საათობით ბევრი ალპინისტისთვის საბედისწერო ხდება და ისინი სიცოცხლეს ამთავრებენ. წელს გაცემული ლიცენზიების სიმრავლისა და ალპინისტების სიჭარბის გამო სწორედ საათობით რიგში დგომამ მწვერვალის პიკთან გამოიწვია სიკვდილიანობის ასეთი ზრდა.
Print
ბოლო სიახლეები