ექსპერიმენტი გასაოცარი შედეგით: ადამიანების უმრავლესობამ ნაპოვნი საფულე პატრონს დაუბრუნა
ხალხი უმეტეს შემთხვევაში აბრუნებს დაკარგულ საფულეს, რომელშიც ნაღდი ფული დევს. ამ  საოცარ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომელთაც ექსპერიმენტი მთელი მსოფლიოს მაშტაბით ჩაატარეს. ექსპერიმენტის კიდევ ერთი გასაოცარი შედეგი: რაც მეტი ფული დევს საფულეში, მით მეტია პატრონისთვის მისი დაბრუნების შანსი.

ოთხმა მეცნიერმა -   ორმა ამერიკელმა და ორმა შვეიცარელმა, გადაწყვიტა შეესწავლა, თუ რამდენად წესიერები არიან ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის მათ ექსპერიმენტი 40 ქვეყნის 355 ქალაქში ჩაატარეს.

ისინი ძირითადად ირჩევდნენ ქვეყნის 5 უდიდეს ქალაქს, სადაც ქუჩებში და სხვადასხვა შენობებში 17 000-ზე მეტი  საფულე” მიმოაბნიეს“. მეცნიერებმა შიგნით სხვადასხვა რაოდენობის თანხა ჩადეს და აკვირდებოდნენ, თუ რამდენი მპოვნელი დაუკავშირდებოდა ე.წ. მფლობელს.

საფულე გამჭვირვალე იყო, რათა მპოვნელს თავიდანვე დაენახა, იდო თუ არა იქ ფული და დაახლოებით რა თანხა იპოვა. ზოგ საფულეში ფული საერთოდ არ იდო. თანხა იწყებოდა დაახლოებით 13 დოლარის ეკვივალენტით ადგილობრივ ვალუტაზე.

საფულეში იდო პატრონის რამდენიმე სავიზიტო ბარათი, რომელზეც მითითებული იყო სახელი, გვარი და ელექტრონული მისამართი. დამაჯერებლობისთვის, ასევე იდო ჩანაწერი საყიდლების სიით, რომელიც ადგილობრივ ენაზე, ხელით იყო დაწერილი.

ექსპერიმენტის განმავლობაში, მოხალისე მიდიოდა საჯარო ადგილებში, როგორიცაა თეატრი, მუზეუმი, ფოსტა, ბანკი, სასტუმრო, ან რაიმე საჯარო დაწესებულება. შემდეგ, ის ამ უწყების თანამშრომელს გადასცემდა საფულეს და ეუბნებოდა: “გამარჯობა. ეს ვიპოვე აქვე, ქუჩაში. ალბათ ვიღაც ეძებს, მაგრამ მე ძალიან მეჩქარება და უნდა გავიქცე. თუ შეიძლება, იქნებ მიაქციოთ ყურადღება”? ამის შემდეგ ის უცებ გადიოდა შენობიდან, ისე რომ ახალ “მპოვნელს” არც თვითონ ეკითხებოდა არაფერს და ისიც ვეღარ აზუსტებდა ინფორმაციას.

მკვლევარების თქმით, შედეგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მისი პროგნოზირება ვერავინ შესძლო. წინასწარ შედეგი დაახლოებითაც კი ვერ განსაზღვრეს ვერც ეკონომისტებმა, ვერც ფსიქოლოგებმა და ვერც რიგითმა, მსგავსი ექსპერტიზის არმქონე ადამიანებმა. 3 ათასამდე ადამიანი მეცნიერებმა ექსპერიმენტის ჩატარებამდე გამოკითხეს.

40-დან 38 ქვეყანაში, მოქალაქეები უმეტეს შემთხვევაში საფულის “ მფლობელს “ უკავშირდებოდნენ, თუკი იქ ფული იდო. მკვლევარები ამბობენ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც კი ექსპერიმენტი ჩატარდა, გამონაკლისის გარეშე, საფულის დაბრუნების შანსი იმის მიხედვით იზრდებოდა, რაც მეტი თანხა ედო მასში “პატრონს”. სტატისტიკურად, საფულეში ფულის დამატება მისი დაბრუნების შანსს, საშუალოდ 40%-ით ზრდიდა.

მთლიანობაში, საფულეს, რომელშიც ფული არ იდო, მპოვნელთა მხოლოდ 40% აბრუნებდა. თუკი მასში მცირე ოდენობით თანხა იდო, საფულეს 51% აბრუნებდა. ცოტა უფრო მოზრდილი თანხის შემცველი საფულე მპოვნელთა 72%-მა დააბრუნა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საფულის დაბრუნების შანსი ასევე მაღალი იყო, როცა მასში არ იდო ფული, თუმცა იდო გასაღები.

ქვეყნების მიხედვით მონაცემები სხვადასხვა იყო. დანიელები, შვედები და ახალი ზელანდიელები ყველაზე წესიერები აღმოჩნდნენ, როცა საქმე დიდ თანხებზე ეხებოდა.

ყველაზე დაბალი მონაცემები ჰქონდა ჩინეთს, პერუს, ყაზახეთს და კენიას. იქ საფულე საშუალოდ 8-დან 20%-მდე მპოვნელმა დააბრუნა. დაბრუნების მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო მექსიკაშიც.

მკვლევარები ყველაზე უფრო გააოცა იმან, რომ საფულეები არ დაბრუნდა ვატიკანიდან და ორი ანტი-კორუფციული ბიუროდან. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საბოლოო სტატისტიკურ მონაცემებზე ამ რამდენიმე ფაქტმა დიდი გავლენა ვერ მოახდინა.

“ჩვენ შეცდომით ვასკვნით ხოლმე, რომ ადამიანები ჩვენს ირგვლივ ეგოისტები არიან” - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ელინ კონი. ის მიჩიგანის უნივერსიტეტში ეკონომიკის პროფესორია. “სინამდვილეში, კი საკუთარი იმიჯი, როგორც წესიერი მოქალაქის, გაცილებით მნიშვნელოვან აღმოჩნდა ადამიანებისთვის, ვიდრე მოკლევადიანი ფულადი მოგება” - აღნიშნავს ის.

კვლევა სახელწოდებით “მოქალაქეთა წესიერება დედამიწის გარშემო”, სამეცნიერო ჟურნალში Science Magazine გამოქვეყნდა.
Print
ბოლო სიახლეები