“ისტორიის გაყალბებით ,აბუჩად აგდებით და ძალმომრეობით ქართველ ერს ვერავინ დაიმორჩილებს“–სიმონ მასხარაშვილის პასუხი პუტინს
ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის ინტერპრეტაციას პასუხობს:

“სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი” ან რაიმე სახის ოსური სახელმწიფო წარმონაქმნი 1774 წელს შიდა ქართლის ტერიტორიაზე არ არსებობდა. შიდა ქართლი მთლიანად ქართლ-კახეთის სამეფოს ნაწილი იყო და 1802 წელს ის მთელს სამეფოსთან ერთად დაიპყრო რუსეთმა. სამაჩაბლო 1802-1918 წლებში “საქართველოს” და შემდგომში “ტფილისის” გუბერნიების გორის მაზრაში შედიოდა და ამ ტერიტორიას სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი მხოლოდ 1922 წელს ეწოდა. ბატონო პუტინ თქვენ საპირისპიროდ ილაპარაკეთ და დაე, თქვენ მოიტანეთ წყაროები და დოკუმენტები თქვენი სიტყვების დასამტკიცებლად.

1918-19 წლებში აფხაზების და ოსების გენოციდი არ მომხდარა, მეტიც , 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დეპეშით პირველი მიესალმა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი გიორგი შარვაშიძე. ის მთავრად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ აჯანყებულ აფხაზებს ჰყავდათ გამოცხადებული 1866 წელს, გიორგი შარვაშიძე დედა ენად ქართულს მიიჩნევდა და , საერთოდაც , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაცავად , როგორც 1918-ში, ისე 1921-ში რუსეთის წინააღმდეგ ქართველებზე არანაკლებ გმირულად აფხაზები იბრძოდნენ. მაგალითად, თბილის 25 თებერვალს დაეცა, გაგრასა და სოხუმს კი 4-5 მარტამდე იცავდნენ აფხაზები და არ ეგუებოდნენ საქართველოს ოკუპაციას. ერთადერთი , რაც სიმართლე იყო თქვენს ნათქვამში, იყო ის, რომ 1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის მფარველობის ქვეშ მოექცა, დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და ამ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი და ერთაშორის შუღლის გამაღვივებელი ზღაპრების გამოგონება რად გჭირდებათ, ვერ გამიგია. სამწუხაროდ, ქართველები შესაძლოა მოისყიდო, მოფერებითა და დაყვავებით გადმოიბირო, მაგრამ ისტორიის გაყალბებით , აბუჩად აგდებითა და ძალმომრეობით ქართველ ერი ვერავის ვერასდროს დაუმონებია და სამომავლოდაც ვერავინ ვერასდროს დაიმორჩილებს. ვერც თქვენ ბატონო პუტინ!“–ამბობს სიმონ მასხარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს ისტორიის ახლებური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა და ქართველები გენოციდში და ოკუპაციაში დაადანაშაულა:

„ოსეთი რუსეთის იმპერიაში, მგონი 1774 წელს შევიდა. მთლიანად, სამხრეთიც და ჩრდილოეთ ნაწილიც. როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810 წელს - ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოგვიანებით პროცესები ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში განვითარდა. ოსეთის სამხრეთ ნაწილი შევიდა თბილისის გუბერნიაში, არანაირი საქართველო მაშინ არ იყო და იყო თბილისის გუბერნია. აფხაზეთში ასე მოხდა: როცა რუსეთის იმპერია დაიშალა, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოს აფხაზეთის შთანთქმის მცდელობა ქონდა. შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და 1918 წელს გერმანული ჯარების დახმარებით საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები ძალიან სასტიკად მოქმედებდნენ.

უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ჯარები ოსეთში-1919 და 1920 წლებში. ეს თავისი არსით იყო ის, რასაც ახლა გენოციდს უწოდებენ. ეს უნდა იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. ამის დავიწყება არ შეიძლება, თუკი საქართველოს ხელისუფლებას ურთიერთობების აწყობა სურს აფხაზ და ოს ხალხთან.

საბჭოთა პერიოდში სხვათა შორის, ჯერ სამოკავშირეო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შეიქმნა, რომელშიც დღევანდელი საქართველო შევიდა, მაგრამ სტალინის დროს შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელიც გახდა აფხაზეთი, და ჩვენი უფლებადამცველები სხვათა შორის, ამას არასოდეს აქცევენ ყურადღებას. სტალინის ბრძანებით ბერიამ ძალიან მკაცრი ზომები მიიღო აფხაზების მიმართ. ძალიან მკაცრი, არც მსურს ამაზე საუბარი- იმისთვის რომ საქართველოს მიეთვისებინა ეს ტერიტორია. აი ამ მძიმე მემკვიდრეობის იგნორირება მოახდინა თანამედროვე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა როცა გააუქმა ავტონომია - აჭარის, აფხაზეთის. ამან გამოიწვია აფეთქება და ძმათამკვლელი ომი"-განაცხადა პუტინმა.
Print