საქართველო მსოფლიოს “ყველაზე მწეველ“ ქვეყნებს შორის ლიდერობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც მწეველთა პროცენტული რაოდენობა ყველაზე მაღალია. ანგარიშის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 33% მწეველია. 16 წლამდე მოზარდების 12% ეწევა. მამაკაცებს შორის კი მწეველია 57 %. ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული პრობლემებით 11 400 ადამიანი კვდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში სახელწოდებით “თამბაქოს გლობალური ეპიდემია 2019“ მსოფლიოში თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებია შეჯამებული.

ანგარიშის მიხედვით მსოფლიოში თამბაქოსთან ბრძოლა მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა მიღწეული შედეგები საკმარისი არ არის.

მსოფლიოს მოსახლეობის 65 % ისეთ ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოს მოხმარებაზე რეგულაციები მოქმედებს – მოწევის შეზღუდვა სხვადასხვა ადგილებზე და გამაფრთხილებელი წარწერები თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრ ქვეყანაში რეგულაციები არაეფექტურია ან არასაკმარისი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო ათი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეზღუდონ თამბაქოს მოხმარება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შემდეგი რეკომენდაციები გაავრცლა:

თამბაქოს მოხმარების მონიტორინგი და პრევენცია

მოსახლეობის დაცვა თამბაქოს კვამლისგან

მოწევისთვის თავის დანებებაში მწეველთა დახმარების პროგრამები

მოსახლეობის ინფორმირება თამბაქოს მოწევის მავნებლობაზე

შეზღუდვები თამბაქოს რეკლამირებაზე და სპონსორობაზე

თამბაქოს პროდუქციაზე გადასახადების გაზრდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, მათ შორის საქართველომ, სადაც სავალდებულო გახდა სიგარეტის შეფუთვაზე დართული გაფრთხილებები, გამკაცრდა თამბაქოს გაყიდვის წესები. საქართველო იმ 11 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც მოწევა აიკრძალა ყველგან, სადაც რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული, გარდა ერთი ადგილისა. საქართველო ასევე მოხვდა იმ 9 ქვეყანას შორის, რომლებსაც მხოლოდ ერთი საფეხური აშორებს თამბაქოს პროცუქციის რეკლამირების სრულ აკრძალვამდე.

ანგარიშის მიხედვით საქართველომ 2018 წლის ბოლომდე ვერ შესძლო რეგულაციების შემოღება, რათა სიგარეტი კოლოფზე ბრენდის მითითების გარეშე გაიყიდოს. ანგარიშში ნათქვამია რომ საქართველომ, ბურკინა-ფასომ, ისრაელმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა კანონი მართალია მიიღეს, მაგრამ რეგულაციების არარსებობის პირობებში, მათი დანერგვა ვერ მოხერხდა. სიგარეტის ლობისტებმა ამ კანონის შემოღება საქართველოში 2021 წლის დეკემბრამდე გადაავადეს.

მსოფლიო მაშტაბით თამბაქოსთან ბრძოლის დადებით შედეგებს შორის სახელდება ის, რომ მწეველთა რაოდენობამ პროცენტულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკლო. მაგრამ, მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მათი საერთო რაოდენობა მაინც შემაშფოთებელია. დედამიწაზე დღეს დაახლოებით 1.1 მილიარდი მწეველია აქედან 80% დაბალი ან საშუალო ეკონომიკური განვითარების ქვეყნებში ცხოვრობს.


Print
ბოლო სიახლეები