საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელფასო და სამივლინებო ხარჯებში მილიონ ლარამდე გადახარჯვა აქვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე კვარტლის ანგარიშის მიხედვით მაუწყებელს ბიუჯეტში გადახარჯვა აქვს.  მეორე კვარტლის ანგარიში რამდენიმე დღის წინ მენეჯმენტმა სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. ანგარიში საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზეც დევს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2019 წლის მე-2 კვარტლის მთლიანმა ბიუჯეტმა 11,427,313 ლარი შეადგინა. ფაქტობრივად გაწეული ხარჯი კი 12,761,431 ლარია, ანუ 1 334 118 ლარით მეტი.

2019 წლის კვარტალში დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული საკასო ხარჯის შედარება ასე გამოიყურება:





რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2019 წლის მეორე კვარტალში შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 6,557,830 ლარი იყო. რეალურად კი ამ მუხლით გაწეულმა ხარჯმა 7,537,563 ლარი, ანუ შრომის ანაზღაურების ჯამურმა გადაჭარბებამ 979 ათასი ლარი შეადგინა.


დაგეგმილზე 121 000 ლარით მეტი ხელფასები გაიცა გენერალური დირექტორის აპარატში. ახალი ამბების და მიმდინარე ბლოკის ხელფასების გადაჭარბება 307 350 ლარია.

მედიისა და კომუნიკაციის ბლოკმა 162 729 ლარით მეტი დახარჯა. მედიაწარმოების ბლოკის სახელფასო გადაჭარბება 221 921 ლარია. წარმოების და ტექ უზრუნველყოფის ბლოკის – 145 000, ადმინისტრაციის და ფინანსების ბლოკის კი 20 116 ლარით მეტი.

თანხის გადახარჯვაა სამივლინებო ხარჯებშიც. მეორე კვარტლის გეგმა 327 589 ლარი იყო. ფაქტიურად გაწეულმა ხარჯმა კი 371 932 ათასი ლარი შეადგინა.





ანგარიშის წარდგენისას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ბორდის ერთ–ერთმა წევრმა, ირინა ფუტკარაძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტში სხვადასხვა კვარტლების მიხედვით დანაკლისი და გადახარჯვა უცხო არ არის, თუმცა ასეთი გადახარჯვა ბიუჯეტში არასოდეს ყოფილა და გადახარჯვის უდიდესი ნაწილი ხელფასებზე მოდის. მენეჯმენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიზეზი ძირითადად თანამშრომლების ხელფასების გაზრდა და იმ დისბალანსის აღმოფხვრაა, რაც ერთი და იგივე კვალიფიკაციის თანამშრომლების ხელფასებს შორის არსებობდა.

თუმცა, სახელფასო და სამივლინებო თანხებში გადახარჯვა მხოლოდ 2019 წლის მეორე კვარტალში არ მომხდარა. უფრო მცირედით, თუმცა გადახარჯვა იყო ამ ნაწილში 2019 წლის 1-ლი კვარტალშიც. ამ პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტირებული თანხა შეადგენდა 6,612,055 ლარს, ფაქტიურმა გაწეულმა ხარჯმა კი შეადგინა 7,172,738 ლარი, ანუ
560 ათაში ლარით მეტი.

2019 წლის 1-ლი კვარტლის შრომის ანაზღაურების გადანაწილება ბლოკების მიხედვით:



გადახარჯვა მივლინებებთან დაკავშირებით 1 კვარტალშიც იყო: ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა 327,589 ლარს შეადგენდა, ფაქტიურმა გაწეულმა სამივლინებო თახნამ შეადგინა 473,009 ლარი, ანუ 145 420 ლარით მეტი.


მენეჯმენტის წარმომადგენლებმა ბორდის სხდომაზე გადაჭარბება სეზონურობით ახსნეს და განაცხადეს, რომ ეს გადაჭარბება შემდეგ კვარტალში დაბალანსდება ზაფხულის პერიოდიდან და დღიური ანაზღაურების ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე, თუმცა აღარ დაუკონკრეტებიათ, როგორ დაბალანსდება და შემცირდება  სახელფასო ხარჯი, თუ ის ძირითადად სტაბილურად დასაქმებული თანამშრომლების ხელფასების ზრდას და დისბალანსის აღმოფხვრას მოხმარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითად ბიუჯეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფორმირდება. გარდა ამისა, მაუწყებელს შემოსავალი აქვს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან.

ანგარიშის მიხედვით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2019 წლის II კვარტლის განმავლობაში მიიღო 11,939,682 ლარი. აქედან 11,263,000 ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნების ფარგლებში მიღებულმა თანხამ, ხოლო 703,682 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებია.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook