“20 პარტია თუ შევა პარლამენტში აქედან 15–ს ვიყიდი“– რით დაემუქრა ივანიშვილი თანაგუნდელებს
ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად გიორგი გახარიას წარდგენამდე უმრავლესობის წევრებს შეხვდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, რომლის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის შიგნით ბევრი უკმაყოფილო იყო და გახარიას გაპრემიერებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებდა. თუმცა საბოლოოდ უმრავლესობის არცერთ წევრს პროტესტი ღიად არ გამოუთქვამს და ყველა მათგანი მხარს უჭერს მთავრობის ახალ შემადგენლობას, სადაც პრემიერი გახარია იქნება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი კი ვახტანგ გომელაური.

რა მოხდა ივანიშვილისა და უმრავლესობის წევრებს შორის საუბრისას და როგორ მოახერხა ივანიშვილმა ოცნების წევრების “დარწმუნება“, რომ მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირონ.


ინფორმირებული წყაროს ცნობით, სინამდვილეში ივანიშვილი გუნდის წევრების გულის მოგებას ან მათ რამეში დარწმუნებას აღარც ცდილობს. მისი ტონი იმპერატიულია და დისკუსიას არ ითვალისწინებს. ოცნების წევრთა უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური მომავლის და ბედის საკითხით არის დაინტერესებული. უმრავლესობის უმრავლესობა კი საკუთარ პერსპექტივას ივანიშვილის გუნდის იქით ვერ ხედავს. შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან ყველა მოთხოვნას უპირობოდ დაემორჩილონ. ბოლო შეხვედრაზე ივანიშვილმა გუნდის წევრებს უთხრა, რომ თუ ისინი მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდნენ, ივანიშვილს ისინი არაფერში სჭირდება, მათ შორის არც არჩევნების მოსაგებად და არც მომავალ პარლამენტში. წყაროს ცნობით ივანიშვილი ამბობს, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობით რომც ვერ გავიდეს და პარლამენტში 20 პარტია მოხვდეს, აქედან 15 პარტიას თავისუფლად იყიდის, შესაბამისად ზედმეტი რევერანსები საკუთარ თანაგუნდელებთან არ სჭირდება. როგორც ჩანს ეს მუქარა ეფექტური აღმოჩნდა და უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც დროებით ჩააცხრო.

Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook