მეცნიერებმა შექმნეს ქუდი სიმელოტის წინააღმდეგ,რომელიც თმის ამოყვანას ასტიმულირებს
თავის კანის ელექტროსტიმულაციას შეუძლია გამელოტებულ მამაკაცებში თმის აღდგენა გამოიწვიოს, თანაც ამ სისტემის ჩამონტაჟება ჩვეულებრივ სპორტულ ქუდში შეიძლება.ყოველ შემთხვევაში, ვისკონსინის უნივერსიტეტში უბეწვო ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთმა სტიმულაციამ საცდელი ვირთხების ბეწვის საფარის აღდგენა გამოიწვია.

გამელოტებასთან ბრძოლის ამჟამად არსებული მეთოდები ან არაეფექტურია, ან ძალიან ძვირია. თმის ბოლქვების ელექტროსტიმულაცია უკვე დიდი ხანია გამოიყენება, მაგრამ რთულ პროცედურებს მოითხოვს სტაციონარული ტექნიკის გამოყენებით.

ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა  კი შეძლო თავის კანზე დასაკრობი პორტატიული პლასტირის შექმნა, რომელიც თავად პაციენტის სხეულის მოძრაობის ხარჯზე ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს. პლასტირი სულ 1 მილიმეტრის სისქის  ნაჭერია და ელექტროგამტარი მასალების რამდენიმე ფენისგან შედგება, რომლებიც ტრიბოელექტრონული ეფექტის ხარჯზე, რომელიც ხახუნის შედეგად წარმოიქმნება, სუსტ ელექტრონულ ძაბვას წარმოქმნის.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ასეთი ძაბვა თმის ზრდის ბუნებრივი ფაქტორის – კერატონიციტის გამომუშავებას ასტიმულირებს.

კვლევის ერთ–ერთმა ავტორმა პლასტირი საკუთარ მამაზე გამოსცადა, რომელიც ბოლო წლებში გამელოტდა და ამტკიცებს, რომ ერთი თვის შემდეგ მას ახალი თმა გაეზარდა.

ახლა მეცნიერებმა შეიმუშავეს სპორტული ქუდის პროტოტიპი, რომელიც მთლიანად ელექტროგამტარი ქსოვილებისგან შედგება და განაცხადი შეიტანეს ახალი მეთოდის კლინიკურ გამოცდაზე.ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ადამიანებზე ჩატარებული ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდება, რადგან გენეტიკურად გამოყვანილი უბეწვო თაგვები მამაკაცური სიმელოტის კარგ მოდელად ითვლება. ამასთან, სპორტული ქუდის მიერ გამომუშავებული სიგნალები იმდენად სუსტია, რომ ადამიანი მათ ვერც ამჩნევს.

თუმცა, უკვე წინასწარ ცხადია, რომ ეს მოწყობილობა მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვინც ცოტა ხნის წინ გამელოტდა ან ამჟამად მელოტდება, რადგან წლების განმავლობაში თავის კანი კარგავს ახალი თმის ბოლქვების გამომუშავების უნარს.

ძილის დროს ქუდის დახურვას აზრი არ აქვს, რადგან ის ელექტროიმპულსებს ამ დროს არ გამოიმუშავებს. თუმცა, მისი შემქმნელების თქმით, დღის განმავლობაში რამდენიმე საათით სტიმულაცია საკმარისი იქნება შესამჩნევი შედეგის მისაღწევად.


Print
ბოლო სიახლეები