TikTok-ში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღარ იძებნება

სოციალურ ქსელ TikTok-ში ოკუპირებული აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღარ იძებნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ზვიად აძინბაია ავრცელებს.

ცნობისთვის, თავდაპირველად TikTok-ზე რეგისტრაციისას, დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მითითებული რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი.

“პარასკევი შესანიშნავად დასრულდა. ტიკ-ტოკმა ჩვენება შეცვალა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებს შორის არ არიან მათ პლატფორმაზე. დიდი მადლობა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ყველა თქვენგანს, ვინც ეს გულთან ახლოს მიიტანეთ. ცალკე მადლობა Robby Delaware-ს, რომლის დახმარება ინსტრუმენტული იყო ჩემს ინდივიდუალურ ძალისხმევაში.

ამით არ მორჩება ყველაფერი. ტიკ-ტოკი რჩება საეჭვო პლატფორმად. მასზე და სხვა ქსელებზე განვაგრძობთ თვალყურის დევნებას, რომ არავინ შეიტანოს ეჭვი იმ იდეაში, რომ გალში ჯაზს დავუკრავთ”, – წერს  ზვიად აძინბაია.