ტრამპის ფონდი იხურება

პროკურატურა ფონდს  კანონის გვერდის ავლით პოლიტიკურ საქმიანობაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის ფონდი მზად არის ნიუ იორკის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს და თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს. მისი დარჩენილი აქტივები კი პროკურატურის გადაწყვეტილებით და სასამართლოს ზედამხედველობით განიკარგება. მათ სავარაუდოდ ავტორიტეტულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაუნაწილებენ, რომელთაც პროკურატურა შეარჩევს.ნიუ იორკის გენერალურმა პროკურატურამ ფონდის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს ზაფხულში მიმართა. პროკურატურის განცხადებით ფონდი რეალურად პრეზიდენტ ტრამპის ფინანსური იმპერიის და პოლიტიკური საქმიანობის მიზნებს ემსახურება და 2016 წელს მის საპრეზიდენტო კამპანიასთან კანონის გვერდის ავლით იყო კოორდინირებული.

{{ARTICLEIMAGE}}

ნიუ იორკის გენერალურმა პროკურორმა,  ბარბარა ანდერვუდმა ფონდს პატარა ჩეკის წიგნაკი უწოდა,  რომელიც ტრამპის ბიზნეს და პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და შოკისმომგვრელი უკანონობის ნიმუშია. მათ შორის ის, თუ როგორ ახდენდა ფონდი უკანონოდ კოორდინირებას ტრამპის 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიასთან. ქველმოქმედების აკრძალვის გარდა პროკურორის ოფისმა საქმე წამოიწყო რათა პრეზიდენტ ტრამპს და მის სამ უფროს შვილს, რომლებიც საქველმოქმედო ფონდის გამგეობის წევრები იყვნენ  მილიონობით დოლარის რესტიტუცია და ჯარიმები დაეკისროთ და მსგავს ფონდებში საქმიანობა აეკრძალოთ.


“ეს კანონის უზენაესობის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რომელიც ყველას ნათლად აჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.“  განაცხადა ანდერვუდმა შეთანხმების გამოცხადებისას.


ფონდის წინააღმდეგ გამოძიება პირველად 2016 წელს დაიწყო. რათა მომხდარიყო შემოწმება, იცავდა თუ არა ფონდი კანონებს. გამოძიება რამდენიმე საეჭვო ოპერაციით დაინტერესდა. მათ შორის აიოვაში  თანხის გადარიცხვით, რაც საპრეზიდენტო კამპანიის ღონისძიებებს დაემთხვა.
მაშინდელი გენერალური პროკურორიც ტრამპის ფონდს პოლიტიკური მიზნებით საქმიანობაში ადანაშაულებდა. თუმცა პრეზიდენტი  ტრამპი ამ ბრალდებებს დემოკრატების მიერ მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებდა.

ორწლიანი სკანდალების და ბრალდებების შემდეგ ფონდი იხურება.ანდერვუდმა და ტრამპის ფონდის ადვოკატმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ფონდის დაშლას გულისხმობს.“ჩვენ სასამართლო საქმეს გავაგრძელეთ რათა დავრწმუნდეთ, რომ ტრამპის ფონდი და მისი დირექტორები პაუხს აგებენ ფედერალური და შტატის კანონების  აშკარა და განმეორებითი დარღვევისთვის”–აცხადებს გენერალური პროკურორი.