უზრუნველვყოფთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე პოლიტიკური შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შევასრულოთ- თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უზრუნველყოფენ რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ის ვალდებულებები შესრულდეს, რაც პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ აიღეს. 

,,უზრუნველყოფთ, რომ მომდევნო პერიოდში ის დროები და ინტერვალები, რაც სჭირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს, მინიმალურად აისახოს პოლიტიკური პროცესის და საკანონმდებლო პროცესის კალენდარზე და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევძლოთ, იმ ვალდებულებების შესრულება, რაზეც პოლიტიკური შეთანხმებაა მიღწეული. ვგულისხმობ საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამისთვის ვადები არის განსაზღვრული და ჩვენ მაქსიმაურად შევეცდებით, რომ პარლამენტი ამ ვადებში ჩაეტიოს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 8 მარტს ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმებისას ორ მემორანდუმს მოეწერა ხელი. ერთი მართლსაჯულებას შეეხებოდა, რომლის მიხედვით, ოპოზიცია ამბობს, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. მეორე მემორანდუმი საარჩევნო სისტემის ცვლილებას მოიცავს – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით, 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.