არჩევნებში მონაწილეობას კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს

ცესკომ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების სპეციალური სიები დაამტკიცა. უწყების ცნობით, გადასატანი ყუთის მეშვეობით 31 ოქტომბრის არჩევნებში სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი 10 845 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 695-ს, ხოლო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების (მათ შორის სამედიცინო პერსონალი) რაოდენობა 7 150-ს შეადგენს.

რაც შეეხება სპეციალური ჯგუფების წევრებს, რომლებიც მოემსახურებიან იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, ასევე საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროცესს დააკვირდებიან და იმავდროულად მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, მათი რაოდენობა 1917-ია. აღსანიშნავია, რომ 30 ოქტომბერს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები მიიღებენ ტექსტურ შეტყობინებას, იმის თაობაზე, რომ 31 ოქტომბერს ისინი არჩევნებში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღებენ მონაწილეობას.

სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 საარჩევნო სპეციალური უბანი ამომრჩევლებს 311 გადასატანი საარჩევნო ყუთით მოემსახურება.

„გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 9 940-მა მოქალაქემ მომართა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

თვითიზოლაციაში მყოფი პირები, რომელთა მოთხოვნა შეესაბამებოდა გადასატანი ყუთით მომსახურების კრიტერიუმებს, სპეციალური უბნებისა და მისამართების მიხედვით გადანაწილდნენ. ცესკოს განკარგულებით დამტკიცდა ამომრჩეველთა სპეციალური სიები და აღნიშნული ამომრჩევლების რაოდენობის შესაბამისად დაიბეჭდება ბიულეტენები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე საქართველოს მასშტაბით ყველა სპეციალურ უბანს მიეწოდება”,- წერია ცესკოს განცხადებაში.

ცნობისთვის, თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში დარეკვის და გადასატანი ყუთის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონდათ 24 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის 18:00 საათამდე, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ ის პირები, ვისაც 28, 29 ან 30 ოქტომბერს დაუდასტურათ კორონავირუსი, ანუ დაახლოებით 5 500 ადამიანი. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მათი კონტაქტები, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან გადასულები.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 070 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 29 387.