“დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ” – “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის საქმეზე გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.
“ეს დადგენილება არის ძალიან დაუსაბუთებელი. აქ საუბარია იმაზე, ეს ქმედება ჩაიდინა თუ არა, არ არის სადაო. ნატა თვითონ შესხმის ფაქტს ადასტურებდა. თუმცა მსჯელობა სასამართლო დადგენილებაში გასცდა ამ ფაქტს და სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სხვაგვარადაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ყვირილით, ხმაურით და ა.შ. რასაც ადგილი არ ჰქონდა.
დასაბუთების თვალსაზრისით ამ დადგენილებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ერთ-ერთი არის ეს, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მაინც ისეთი დასკვნები გააკეთა სასამართლომ, რომელიც არ დგინდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.[…] ამ მუხლით მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც ჯარიმა, ასევე, შეუძლია, შენიშვნის გამოყენება და პატიმრობა არის ყველაზე მკაცრი სანქცია… გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამაგალითოდ დაესაჯა აქტივისტი მის მიერ გამოხატული ქცევის გამო და დასჯა გამოიყენა რეპრესიულად, რომ ალბათ, სხვებისთვისაც ყოფილიყო მსუსხავი ეფექტის მატარებელი”, – აღნიშნავს საიას წარმომადგენელი.