ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. როგორც დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
„ჩემი ძმა წელიწადი და 8 თვეა პარალიზებულია. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ექსპერტიზა ჩატარებულა და არაერთხელ მიუმართავთ რეკომენდაციით სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რომ ჩემი ძმის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში მომხდარიყო, რაზეც დღემდე უარს ვიღებდით. ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, პარალიზებული ხელ-ფეხი ჯანმრთელ ხელ-ფეხთან შედარებით საკმაოდ დაწვრილებულია. პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, მარჯვენა ფეხის კიდური 9-10 სანტიმეტრითაა დაწვრილებული ჯანმრთელ ფეხთან შედარებით, მარჯვენა ხელი კი, 4-5 სანტიმეტრითაა დაწვრილებული. ელემენტარული ყურადღებაც კი ვერ ექცევა ჩემ ძმას იქიდან გამომდინარე, რომ ამ დაავადების სპეციალისტები პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰყავს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მომხდარიყო დეკანოზის გამოკვლევა.
გუშინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ერთ-ერთ კლინიკაში მოხდებოდა მისი გადაყვანა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მოძიებულ სხვა კლინიკაში უფრო კომპეტენტურები არიან, ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ მიერ მოძიებულ კლინიკაში მოხდეს კვლევების ჩატარება. ხვალ დილით, ადვოკატი პენიტენციურ დაწესებულებაში შევა და ამ მოთხოვნას დააყენებს“, – აცხადებს მამალაძე.