დეკანოზი ზაზა თევზაძე ფიქრობს, რომ საპატრიარქომ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ უნდა მოუწოდოს, რადგან, მისი აზრით, ვაქცინაცია არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას.
“დღეს ყველაზე მეტად სჭირდება საპატრიარქოს ხმა ჩვენს საზოგადოებას. მან გარკვევით უნდა გამოხატოს პოზიციები. როდესაც ამბობენ, რომ “ჩვენ არ გვაქვს უფლება [ამაზე საუბრის]”, ჩემთვის ბუნდოვანია. ილაპარაკარონ არა მედიცინის კომპეტენციებიდან, არამედ ვაქცინაციის მორალური, ზნეობრივი და რელიგიური მნიშვნელობიდან, რომელიც არავითარ წინააღმდეგობაში არ მოდის ქრისტიანულ მოძღვრებასთან. მეტიც, დგას ქრისტიანობის სამსახურში, იმიტომ რომ ემსახურება სიცოცხლის დაცვას”,– ამბობს დეკანოზე TV პირველის ეთერში.
მისივე შეფასებით, ანტივაქსერული განწყობები “ადგილობრივი ნიადაგიდან” არ არის “აღმოცენებული”.
“მსგავსი პროცესების ინსპირაციას ხელს უწყობს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რათა დასუსტდეს ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. მეტსაც გეტყვით, საქართველოს ეკლესიაში არსებობს სამღვდელოების კარგად ორგანიზებული ნაწილი, ეს არის “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”. ისინი ცალსახად ანტივაქსერები არიან და დიდი გავლენებით სარგებლობენ”,– აღნიშნავს დეკანოზი ზაზა თევზაძე.