მამაჩემს გულზე არაფერი სჭირდა, პირველად მის გულზე ხელი მაშინ დავინახე, როცა მაკავებდნენ – ამის შესახებ აქციების დროს დაკავებულმა ონისე ცხადაძემ, სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
„სრულიად ნეგატური დამოკიდებულებისგან დაცლილმა. მინდა ვკითხო პროკურორებს მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში? რა ჯანდაბად მჭირდება თქვენი თანაგრძნობა?!
იმ ასაკში, რა ასაკშიც მამაჩემი გარდაიცვალა, მის სისხლსა და ხორცში არავინ გარდაცვლილა. ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ გულზე არ სჭირდა არაფერი, პირველად მის გულზე ხელი დავინახე, როცა მაკავებდნენ. მას თავის ცხოვრებაში არავისთვის არაფერი დაუშავებია საკუთარი თავის გარდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში იმაზე ვფიქრობ სამაგიერო როგორ გადაგიხადოთ!
სულ ვფიქრობ, როგორ გადაგიხადოთ სამაგიერო. ვიდეოც არსებობს იმის შესახებ, რომ არის სერიული მკვლელი, რომელსაც დახოცილი ჰყავდა უამრავი ადამიანი, მიდიოდნენ დახოცილების ოჯახის წევრები და ლანძღავდნენ. ისინი ისე უყურებდნენ როგორც მანიაკს და შეშლილს. შემდეგ გამოვიდა ერთი სასულიერო პირი და უთხრა მიპატიებიაო და ჩამოიშალა ყველაფერი. ჩემთვის თქვენ ხართ მანიაკები, მაგრამ არ ვაპირებ არ გაპატიოთ.
ჩემთვის მკვლელები ხართ! პირობას გაძლევთ, რომ მოსამართლიდან დაწყებული, ის ბიჭიც თქვენ გვერდით, რომ ზის [სხდომის მდივანი] პასუხს აგებს.
თუ გინდა გეტყვით, როგორ გარდაიცვალა მამაჩემი. ციხეში გავიგე, რომ მამაჩემი ეზოში ჭიშკართან გარდაიცვალა. ბავშვობაში რომ დამიშავებია რაღაც ელემენტარული და დღეს, რომ ვფიქრობ, იმაზე ვნანობ და თქვენ არ გაგაჩნიათ რაიმე გრძნობა?
ხალხს მინდა მადლობა გადავუხადო, მე არ მინახავს, მითხრეს. ძალიან მიხარია, რომ თქვენნაირი ადამიანები ბევრნი არიან ამ ქვეყანაში, ისიც ძალიან მიხარია, რომ ვიცხოვრე ისე, რომ დავიმსახურე ეს თანადგომა…
რაც მოხდა, ეს არის ჩემი პირადი ტრაგედია და რაც მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სატარებელი იქნება. ესეთი ბრძოლაა, კაციჭამიებთან ბრძოლა, ოღონდ ქვეყანა გადარჩეს, ოღონდ ეს მოხდეს და მეტი არაფერი მაინტერესებს”,- განაცხადა ონისე ცხადაძემ.