პირველ არხთან საპროტესტო აქცია იმართება – არხის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე პირდაპირ ეთერს დაპირდა

ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, კოსტავას 68 ნომერთან  – მოქალაქეები ტელევიზიის მენეჯმენტის გადადგომას  და პირდაპირ ეთერს ითხოვენ.

რამდენიმე წუთის წინ, პირველი არხის ხელმძღვანელობა ერთ მოთხოვნას დათანხმდა. ადგილზე შეკრებილებმა დაპირება მიიღეს რომ 20:00 საათისთვის დაიგეგმება ეთერი და მათ საშუალება ექნებათ ისაუბრონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან.

აქციის მონაწილეები თვლიან რომ საპროტესტო აქციებს ისინი არაობიექტურად აშუქებენ.

დემონსტრანტები, მაუწყებლის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, აიღონ პასუხისმგებლობა და დატოვონ თანამდებობები  სარედაქციო პოლიტიკის გამო.

ადგილზე თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე არიან,  რომლებიც ისმენენ აქციის მონაწილეების,  მათი კოლეგების, ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების კრიტიკასა და მოთხოვნას.

“გავიგე თქვენი განცხადება, მოწოდება! ორივე ღამეა პირდაპირ ეთერში ვართ და დეტალურად ვაჩვენებთ იმას, რაც იყო. ძალადობის დაგმობაზე გვქონდა განცხადება. დანარჩენს რაც შეეხება, მივიღეთ თქვენი მოთხოვნები. დავგეგმავთ ეთერს. ჩვენი თანამშრომლები ხელშეუხებლები არიან”,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.