სააკაშვილის ადვოკატები პოლიტიკური განცხადებების გამო პროკურორის აცილებას ითხოვენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა პროკურორი გიორგი მუჯირის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

ნიკა გვარამიას განმარტებით, ამის მიზეზი მისი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებია.

“ეს განცხადებები არ შეეხება ბრალდებას, ეს განცხადებები არის პოლიტიკური შინაარსის, ვინაიდან ხდება წინა პოლიტიკური კონტექსტის შეფასება და აქედან გამომდინარე უკვე გადადის საქმის მასალებზე. ანუ, რეალურად ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც არ გააჩნია ბრალდების მხარეს, კონკრეტულად ბატონ მუჯირს და ამიტომ, ვითხოვ მის აცილებას აღნიშნული პროცესიდან”, – მიმართა გვარამიამ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს.

პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადება გვარამიამ სასამართლოს მოასმენინა. ის ამბობს, რომ 26 მაისისა და ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ სააკაშვილმა კოსმეტიკური მომსახურება მიიღო.

“2011 წლის 26 მაისს, მაშინ, როდესაც თბილსიში, რუსთაველის გამზირზე პოლიციის უკანონო ქმედებებით დასახიჩრდა და რეალურად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო უამრავმა ადამიანმა და მასობრივად დააკავეს ხალხი, მესამე დღეს მიხეილ სააკაშვილი მიემგზავრება ნიუ-იორკში, შემდეგ ბრუნდება ევროპაში, სადაც იტარებს კოსმეტიკურ პროცედურებს.

ორთაჭალაში, მსგავსი ფაქტიც არის, როდესაც წყალდიდობა მოხდა და 5 ადამიანიც კი ემსხვერპლა ამას, ის უკვე მომდევნო დღეს მიდის საზღვარგარეთ და ისევ იღებს იმ ფუფუნების საგნებსა თუ მომსახურებას, რაც ამ 9 მილიონ ლარში მრავლად არის წარმოდგენილი”, — განაცხადა პროკურორმა გიორგი მუჯირმა.

აცილების შესახებ მოსამართლეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.