სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე, 3 პირი დააკავა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა, კონკრეტული თანხის მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შშმ პირის სტატუსი მიენიჭათ.
პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3 000 ლარის სანაცვლოდ გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველიც იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი, ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევისა და კომისიის გავლის გარეშე.
მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9 500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი, იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.
მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3 200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა, ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში, ც.0.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც, თავის მხრივ, დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.
სამივე შემთხვევაში, ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენით და შესაბამისად შშმ სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.












