ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

გერმანიის კანცლერად კონსერვატორი ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 289 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კანცლერად არჩევისთვის 316 ხმა იყო საჭირო, მერცის კოალიციას კი 328 მანდატი აქვს.

დღეს  ფრიდრიხ მერცის კანცლერის თანამდებობაზე ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის ორი ტური გაიმართა. პირველ ტურში მან ვერ მოაგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა. ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რის შემდეგაც, დღესვე ჩაინიშნა მეორე ტური.

ფრიდრიხ მერცმა, რომლის CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა თებერვლის არჩევნებში, 5 მაისს განაცხადა, რომ სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა.