მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო. დღეის მდგომარეობით საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ის CEO მიხეილ ლომთაძე გახდა, რომლის ქონებასაც გამოცემა $5 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით, ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია. $200 მილიონით უფრო მცირეა ექს-პრემიერ ივანიშვილის ქონება, რომელიც Forbes-ის თანახმად, $4.8 მილიარდია. ამ მაჩვენებლით, ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 632-ე ადგილს იკავებს.
მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ანუ IPO-ს შედეგად გახდა. KASPI-ის IPO 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი იყო და მის შედეგგად, ლომთაძემ და ვიაჩესლავ კიმმა, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავდაპირველად $2 და $2.5 მილიარდი დოლარი დააგროვეს. 2021 წლის აპრილში კი ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს, ვიაჩესლავ კიმი კი 24.5%-იან წილს ფლობს.
მიხეილ ლომთაძის ასეთი სწრაფი გამდიდრება KASPI-ის აქციების ღირებულების მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რადგან მისი ქონების მთავარი წყარო სწორედ ბანკში არსებული წილია. 2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია $40 ღირდა, დღეს კი ერთი აქციის ფასი $114 დოლარია. სწორედ ასეთი ზრდის შედეგად, ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, რომლის ქონებასაც ფორბსი რეალურ დროში $5.5 მილიარდად აფასებს.
Kaspi-ს შესახებ:
Kaspi-ს სერვისს ყოველთვიურად ყაზახეთის 18-მილიონიანი მოსახლეობიდან 7.8 მილიონი იყენებს. ლონდონის საფონდო ბირჟის თანახმად, Kaspi-ს საგადახდო სისტემაზე ყაზახეთში განხორციელებული ტრანზაქციების 66% მოდის, 33%-ს კი გლობალური ბრენდები Visa და Mastercard-ი ემსახურებიან.
დღეს Kaspi სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს, ესენია:
- საგადახდო პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებსა და მოვაჭრეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთთან ციფრული ტრანზაქციები განახორციელონ. ამასთან ციფრული ბანკის მეშვეობით სხვადასხვა სამომხმარებლო სესხის აღება და დეპოზიტების მართვა არის შესაძლებელი.
- Kaspi ამავდროულად არის მარკეტპლეისი, რომელიც მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ერთიან პლატფორმას სთავაზობს. მათ შორისაა პირდაპირი საგანვადებო სერვისი, რომლის პროვაიდერიც უშუალოდ Kaspi-ია. 2019 წლის მდგომარეობით, Kaspi ყაზახეთის უმსხვილესი ონლაინმაღაზიაა, რომელსაც მთლიანი ელექტრონული კომერციის 46% ეკავა.
- სამომხმარებლო სესხების ფართო არჩევანის შედეგად Kaspi მცირე ზომის სესხების ბაზრის ლიდერია, მასზე მთლიანად ყაზახეთის სამომხმარებლო სესხების 32% მოდის.
“Kaspi-ს მსგავს ფართო სერვისს მომხმარებლებს არც ერთი სხვა ბიზნესი არ სთავაზობს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა Alibaba-ს პრეზიდენტთან, არა ჯეკ მასთან, არამედ მის ამერიკელ აღმასრულებელთან, რომელმაც ვერ დაიჯერა, რომ ყაზახეთში ამგვარი ტექნოლოგიური კომპანია არსებობს“, – განაცხადა ლომთაძემ 2017 წელს. მისი თქმით, ზრდის მთავარი შესაძლებლობა მუდმივად ახალი სერვისების შექმნაზე მუშაობაა.
Kaspi თავიდანვე ციფრულ პლატფორმად არ შექმნილა. მისი ისტორია 1991 წელს იწყება. ამ დროს ფინანსურ ინსტიტუტს Аль Барака Казахстан-ი ეწოდებოდა, 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და Банк Каспийский გახდა. 2008 წლიდან კი, კიდევ ერთი რებრენდინგის შედეგად, მას Kaspi Bank-ი ეწოდა.
წყარო: BM.GE