ჩემი ძმის მკვლელობის ცრუ მოწმე სუს-ის აგენტია, ფაილებში აღმოვაჩინე – სანაია

“ფორმულას” ტელეწამყვანი, ვახო სანაია აცხადებს, რომ სუს-ის ფაილებში აღმოაჩინა ცრუ მოწმე, რომელიც მისი ძმის მკვლელობის საქმეში წინასწარ შეთანხმებულ ჩვენებებს აძლევდა.

მისი თქმით, ეს “მოწმეები” შევარდნაძის ხელისუფლებამ საქმის გასაყალბებლად მიიყვანა.

“ხან ერთს ათქმევინებდნენ, მერე სიტყვებს უკან წააღებინებდნენ, ჩაასწორებინებდნენ და ასე. ბოლოს თავადვე აიხლართნენ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ხალხის პროტესტის ჩასახშობად ავრცელებდნენ ჭორებს და ამისთვისაც აღნიშნულ ,,მოწმეებს” იყენებდნენ. ვითომ შემთხვევითი პირები იყვნენ. ჩვენთვის თავიდანვე ცხადია იყო ყველაფერი და ამდენი წელია, ამაზე ვლაპარაკობთ დაუსრულებლად.

ახლა კი მთავარი! ამ დღეებში სუსის ანგარიშებში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ასეთი ,,მოწმე”. ეს პირი, რომლის ჩვენებებზე დაყრდნობითაც დაიწყეს გამოძიება და მისცეს მათთვის სასურველი მიმართულება, შევარდნაძის პერიოდშია გადაბირებული და არის სპეცსამსახურების აგენტი. ახლა ხელში მიჭირავს დოკუმენტები, რომლის მიხედვით, ეს პირი დღეს არის სუსის აგენტი. ნერგავენ ხოლმე ამა თუ იმ ორგანიზაციაში და იქიდან აწვდის შიდა ინფორმაციას კურატორს. იყენებენ უბინძურესი საქმეებისთვის.

ყველაფერია ცნობილი მის შესახებ – რომელი ორგანიზაციების წინააღმდეგ მუშაობს სუსის სასარგებლოდ, ვინ გადაიბირა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში, ვინ იყვნენ მისი უშუალო ხელმძღვანელები წლების განმავლობაში, რა დავალებებს აძლევენ, ვის და როდის ხვდება ინფორმაციის გადასაცემად. ერთი სიტყვით, ბოლომდე გაშიფრულია და დოკუმენტები წინ მიდევს. ყველას დრო დადგება ნელ-ნელა!”,– წერს ვახო სანაია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელდა ათასობით ფაილი, რომელიც სასულიერო პირების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სხვა პროფესიის ადამიანების პირად ცხოვრების დეტალები წერია. სუს-ის კრებსებში საუბარია მაღალი სასულიერო იერარქების კავშირებზე, ბიზნესინტერესებზე, რუსეთთან კავშირზე, სექსუალურ კავშირებზე და ა.შ.