ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა ბრბოს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ბათუმის ინციდენტზე მისი განცხადების გამო გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება.

სამადაშვილის თქმით, ადამიანზე ძალადობას არაფერი ამართლებს და ნაგვის თავზე დაყრა ლაჩრობაა.

“გასაოცარია, განცხადებამ, რომ ადამიანისთვის თავზე ნაგვის დაყრა მიუღებელია, მსგავსი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამიტომ მათთვის, ვინც ვერ გაიგო, ითხოვს, რომ ბოდიში მოვიხადო და ა.შ. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი-არასდროს, არანაირ ვითარებაში და არავისთვის, თავზე ნაგვის დაყრას არა აქვს გამართლება. არ არსებობს ‘მაგრამ,’ არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ამართლებს ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას, მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ ამ ადამიანზე ან მის საქციელზე.

ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არაა გმირობა, ლაჩრობაა. ‘არ არსებობს დანაშაული, რომელიც ბრბოს მიერ განხორციელებულ მართლმსაჯულებას იმსახურებს’-აბრაჰამ ლინკოლნი. ადამიანებისთვის თავზე ნაგვის დაყრა, სწორედ ბრბოს მართლმსაჯულების ლოგიკიდანაა. ამიტომ არასოდეს, არავისთან მიმართებაში და არსად გავამართლებ. გმადლობთ ყურადღებისთვის. ვისაც არ მოგწონთ ეს პოზიცია, აქ კომენტარების წერით თავს ნუ დაიღლით, არაა ჩემთვის საინტერესო თქვენი აზრი, საერთოდ”,– წერს სამადაშვილი Facebook–ზე.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა თავზე ნაგავი დააყარეს. ინცინდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

ამ ინციდენტს “ამაზრზენი” უწოდა სალომე სამადაშვილმა, რასაც ენმ–ს მხარდამჭერების ნაწილის კრიტიკა მოყვა.