ადამიანები ცდილობენ, გვამებისგან გაწმინდონ ადგილი რომ საკვების ნასახს მიაგნონ – მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლში მყოფი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს გასცდა. ადამიანები ცდილობენ, გვამებისგან გაწმინდონ ადგილი რომ საკვების ნასახს მიაგნონ –  ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„მარიუპოლში მყოფი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარს გასცდა. მათ ელემენტარული საკვები აღარ აქვთ. აქ არ არის საუბარი რაღაც მაღალკალორიულ საჭმელზე, არ აქვთ სასმელი წყალი, ელექტროენერგია, გაზი და ისინი უბრალოდ ქუჩაში ამზადებენ სადილს. მათ ბინებში მინებიც ვერ ჩაუსვიათ, სახლები ვერ გაუკეთებიათ და ანტისანიტარულ პირობებში ცხოვრობენ, შიმშილობენ და ზოგჯერ ცდილობენ, რომ გვამებისგან გაწმინდონ ადგილი, რათა საკვების ნასახს სადმე მიაგნონ. უბრალოდ კატასტროფული სიტუაციაა“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

ანდრიუშენკომ მარიუპოლში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი კატასტროფულ სიტუაციაში იმყოფებიან.

„პირველ რიგში, ანტისანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება და სეზონური დაავადებები კიდევ უფრო მეტად შეუტევს მოსახლეობას, რადგან მათ არ აქვთ დასალევი წყალი და ღმერთმა უწყის რა ტიპის წყალს იყენებე. გარდა ამისა, იქნება იმუნიტეტის დაქვეთება, რადგან ისინი სარდაფებში ცხოვრობენ, სადაც ანტისანიტარული პირობებია. მათ არ აქვთ დაბანის საშუალება. ამასთან, მათ გარშემო უამრავი გვამი იხრწნება და სამწუხაროდ, სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება, პირიქით, ის უარესობისკენ მიდის. ბუნებრივია, ეპიდემიოლოგიური საფრთხე ჩნდება და ეს იქნება ძალზედ სავალალო ნახტომი სიკვდილიანობის ზრდის მიმართულებით. ქალაქში, პრაქტიკულად არ არის სამედიცინო დაწესებულებები და არ არსებობს მედიკამენტები“, – განაცხადა პეტრო ანდრიუშენკომ.

მან ასევე რუსი ოკუპანტების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.

„მასობრივი განადგურების იარაღის მუქარა რუსების მხრიდან კვლავ ძალაშია. რუსები არ მალავენ თავის გეგმას. თუ ისინი ნახავენ, რომ „აზოვსტალის“ დამცველებს ვერ გატეხავენ, ალბათ, ისინი გამოიყენებენ ქიმიურ იარაღსაც კი – ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. რუსები ყველაზე მეტად არიან არაჰუმანურები და არაადამიანები, სწორედ ეს გამოარჩევს ადამიანებს არაადამიანებისგან“, – აღნიშნა მერის მრჩეველმა.