“ადამიანის ძვლები ტაძრის გარშემოა მიმობნეული” – ახალქალაქში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალქალაქის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანეს. სააგენტოს განცხადებით, სომხურ ეკლესიასთან მძიმე ტექნიკითაა დაზიანებული სამარხები და ეკლესიის ზღურბლის ქვა.

“ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც”,- წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.

მათი შუამდგომლობის საფუძველზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო.

გამოძიება სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება.

“პოლიციური მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელი პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ. პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც.”,- წერს სააგენტო გავრცელებულ ინფორმაციაში.