”ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო. მით უმეტეს, მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დააყენო. სააკაშვილს ყოველდღე მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო. ანუ, სიცოცხლის ფასად შეესრულებინა მისი ე.წ. მისია. მის მიმართ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული. დღესაც ანალოგიური სიტუაციაა, ვინც აქციებს მართავს, არც ერთისგან მის მიმართ არ ისმის მოწოდება, რომ სააკაშვილმა სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ყველა ამბობს, რომ მისი გაყვანა აუცილებელია, რადგან ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეული აქვს იმის გამო, რომ თავი დამნაშავედ არ მიაჩნია. ეს არის ის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა, რომ ეს ადამიანი „პოლიტიკური პატიმარია“, განცხადებას არ აკეთებს. ისინი არც ინტერესდებიან, თუ რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება, მოიტანოს. ანუ, სააკაშვილის მიმართ ბიძგი, რომ მან მკურნალობა არ მიიღოს, არის ინტენსიური და ზუსტად იმ სტრატეგიას, პოლიტიკას იმეორებს, რაც მისი შიმშილობის დროს ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა… მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ იმ კონსილიუმის წევრები, რომლებიც მისი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის კონკრეტულმა ადამიანებმა შეკრიბა, მნიშვნელოვანწილად პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან.”

ასე გამოეხმაურა, “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი, საქარტველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიხეილ სააკაშვილი დღეს დილით  რუსთავის N12  პენიტენციური დაწესებულებიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.